ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას აკეთებს ევროპა, ლტოლვილების მოლოდინში?


მაკედონია-სერბეთის საზღვარზე ყველა ასაკის ათი ათასობით მიგრანტია ჩასული, ბევრი მათგანი ავადაა ან დაშავებულია. ნათელია, რომ მათ დაუყოვნებლად სჭირდებათ თავშესაფარი, საკვები და სამედიცინო მომსახურება. მათი უმრავლესობა სირიელია.

ორგანიზაცია „საერთაშორისო ლტოლვილების“ პრეზიდენტი მიქელ გაბაუდანი ამბობს, რომ მიგრანტების საკითხთან ევროპას უფრო ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს:

„ევროპის საზღვრები ღია უნდა დარჩეს მათთვის, ვინც დაცვას ეძებს. ვიცი, რომ ამ ნაკადში არიან ისეთები, ვინც ლტოლვილი არ არის და ისინი უნდა გამოიცხრილონ. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მათი უმრავლესობა სირიიდან, იორდანიიდან და ავღანეთიდან მოდის და ლტოლვილის სტატუსი ეკუთვნის.“

შეერთებულ შტატებში უნგრეთის ელჩი რეკა ჟემერკენი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ტრეფიკერებია, რომლებიც ადამიანების გაჭირვებით ხელს ითბობენ. უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სასაზღვრო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და ის ლტოლვილებისადმი მკაცრ მოპყრობაში დაადანაშაულეს. თუმცა ჟემერკენი ამბობს, რომ მის მთავრობას საერთო ევროპული საზღვრის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია:

„იმავდროულად გვესმის, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ამ ტვირთის უდიდესი ნაწილი მიიღეს, ლიბანი, იორდანია და თურქეთი, სადაც ბანაკებში ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა, მატერიალურად უნდა ვუზრუნველვყოთ და დავეხმაროთ, რათა მათთან მყოფი ადამიანების მხარდაჭერა შეძლონ.“

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ სერვერი ამბობს, რომ ლტოლვილთა კრიზისის საუკეთესო გადაწყვეტა, სირიიდან და ავღანეთიდან ხალხის ნაკადის გადინების შეწყვეტაა, თუმცა აღიარებს, რომ პრობლემის სწრაფად გადაჭრის გზა არ არსებობს:

„ლტოლვილებმა ბილიკი იპოვეს და ეს ბილიკი შეიძლება აქ იყოს ან სხვაგან, მაგრამ ასე თუ ისე მაინც იპოვნიან გზას იმ ქვეყნებისკენ, რომლებიც მათ მიიღებენ. საბედნიეროდ, ევროპას ზოგიერთი ეს ახალგაზრდა და განათლებული მუშაკები სჭირდება. ვფიქრობ ევროპა უნდა მიეჩვიოს იმის გაკეთებას, რასაც ამერიკა დიდი ხნის წინ აკეთებდა, იმიგრაცია მიიღოს და არა შეეწინააღმდეგოს.“

არაერთი ევროპული ქვეყნის მოსახლეობა ბერდება და მცირდება. სერვერის მსგავსად, კრისტიან ოდენდალი ევროპული რეფორმის ცენტრიდან ამბობს, რომ შეიძლება მიგრანტებმა ბალკანეთიდან და ევროპიდან ახალგაზრდა პროფესიონალების, ე.წ. „ტვინების გადინების“ პრობლემა შეამსუბუქონ;

„რა თქმა უნდა, ლტოლვილთა კრიზისი გამოწვევაა, მაგრამ იმის პოტენციალიც გააჩნია, რომ ევროპას ან ევროპის ნაწილს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ევროპელები მიგრანტების ინტეგრაციას რამდენად შეძლებენ, კერძოდ შრომის ბაზრებში.“

გერმანია, მხოლოდ ამ წელს, მილიონამდე თავშესაფრის მძებნელს მოელის.

მსოფლიოს 7-მა ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყანამ, „დიდმა შვიდიანმა“ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, მიგრანტთა კრიზისის დაძლევაში დასახმარებლად 1.8 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო.

მაგრამ ბალკანეთის გავლით ევროპისკენ მიმავალი ბევრი მიგრანტისთვის, საზღვარზე ცხოვრება ჯერ კიდევ არ გაიოლებულა

XS
SM
MD
LG