ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ECHR: საქართველო და რუსეთი განაჩენის მოლოდინში


რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაცია, 2006 წელი
რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაცია, 2006 წელი

საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ქართული მხარის არგუმენტებს გაიზიარებს. სტრასბურგში სასამართლოს დიდმა პალატამ უკვე დაასრულა საქმის არსებითი განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე მუშაობას შეუდგა.

სასამართლო პროცესი ხუთ წელზე მეტი ხანია გრძელდება, საქართველომ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2007 წლის მარტში შეიტანა. საქართველოს სახელმწიფო რუსეთს 2006-2007 წლებში ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციაში სდებს ბრალს, რის შედეგადაც სამი ქართველი გარდაიცვალა. სულ რუსეთიდან 5 ათასამდე ქართველი იქნა გამოძევებული.

12-13 ივნისს სტრასბურგის ივნისს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ მოუსმინა მოდავე მხარეებს. სასამართლოს 45 წუთიანი გამოსვლით საქართველოს და რუსეთის იუსტიციის მინისტრების მოადგილეებმა თინა ბურჯალიანმა და გიორგი მაწიუშკინმა მიმართეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს წარმომადგენელი ლევან მესხორაძე ამბობს

„ამ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოირკვა და დადასტურდა ის გარემოება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეთნიკური ნიშნით შეავიწროვა ქართველები და ისინი გამოაძევა, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, მასიურ დაკავებებს და ქსენოფობიურ მოპყრობას მხოლოდ იმის გამო რომ ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.“

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, პირველი საჯარო მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში 2009 წლის აპრილში გაიმართა, იმავე წლის ივნისში, სასამართლომ საქართველოს სარჩელის განხილვა დასაშვებად ცნო, დეკემბერში კი საქმე განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.

2011 წლის იანვარში, ევროპული სასამართლოს წინაშე ქართულმა მხარემ მოწმეები წარადგინა. მათ შორის, იყვნენ დეპორტაციის დროს დაღუპული თენგიზ ტოგონიძის მეუღლე ნინო ძიძავა; ოთხ შვილთან ერთად დეპორტირებული ლია შიოშვილი, რომელიც დეპორტაციის მომენტში ორსულად იყო და გადატანილი სტრესის გამო ნაყოფი დაეღუპა. ასევე დეპორტაციის დროს გარდაცვილი მანანა ჯაბელიას შვილი ნიკო კვარაცხელია, რომელმაც კერძოდ განაცხადა

„მყარი არგუმენტები ჰქონდა ქართულ მხარეს, საბუთებით და მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული. რუსებმა კი ისაუბრეს ფაქტებზე რომლებიც არ დასტურდება იმიტომ რომ არანაირი დოკუმენტური მასალა ამ ფაქტების გასამყარებლად მათ არ წარმოუდგენიათ.“

სტრასბურგში მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად, უფრო გართულდა რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობა.

გასულ კვირას რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთში არალეგარულად კიდევ 9000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება და მათ რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში ქართველების წინააღმდეგ ახალი ტალღა აგორდეს

„შესაძლოა კვლავ მოხდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები, თუ კი ის ადამიანები არიან არალეგალები, არ აქვთ დოკუმენტაცია წესრიგში და იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, მთავარია რო დეპორტაცია ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური უფლებების დარღვევით არ მოხდეს.“

უცნობია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა როდის იქნება მზად საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.სასამართლოს ვადებთან დაკავშირებით რეგლამენტით შეზღუდული არ არის.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას საქმეზე ‘საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ შეიძლება მინიმუმ ერთი წელიც კი დასჭირდეს

XS
SM
MD
LG