ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შანსები აქვს საქართველოს ევროსასამართლოში?


რა შანსები აქვს საქართველოს სტრასბურგში?
რა შანსები აქვს საქართველოს სტრასბურგში?

ყველაზე სუსტი რგოლი, ქართულ სარჩელში სამართლებრივი მექნიზმების ამოწურვის საკითხია.

გუშინ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიმართა მოსმენა რუსეთ–საქართველოს სარჩელის თაობაზე. ევროსასამართლომ სწორედ ამ მოსმენის მიხედვით უნდა თქვას, მიიღებს თუ არა წარმოებაში ამ სახელმწიფოთაშორის სარჩელს. საერთოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში სახელმწიფოთაშორისი სარჩელების განხილვის შემთხვევა იშვიათია. როგორც წესი, ამგვარი ტიპის სარჩელებს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს. რუსეთ–საქართველოს საქმეზე ქართულმა მხარემ პროცესი ჰააგაში წარუმატებლად დაასრულა. ჯერი ახლა ევროსასამართლოზეა. რუსეთ–საქართველოს საქმის დასაშვებობის საკითხს ცხრა მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტს.

ქართულ მხარეს სტრასბურგში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი და იურისტი ლევან მესხორაძე წარმოადგენდნენ. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტების წარსადგენად ნახევარი საათი ეთმობა. ქართული მხარიდან ეს დრო თინათინ ბურჯალიანმა და დაქირავებულმა ინგლისელმა იურისტმა გაიყვეს. რუსულ მხარესაც ანალოგიური მოხდა. ქართული მხარის ძირითადი მტკიცებულება ისაა, რომ ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთი ახორციელებს და ამიტომაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა აქ მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

რას შეიძლება ელოდეს ქართული მხარე სტრასბურგში? ყველაზე სუსტი რგოლი, ქართულ სარჩელში სამართლებრივი მექნიზმების ამოწურვის საკითხია. პროცედურების თანახმად, რაც ევროსასამართლოს მიერაა დადგენილი, ეს აუცილებელია. მის მიხედვით, მანამ, ვიდრე საქმეს ქართული მხარე სტრასბურგში წაიღებდა, გასაჩივრების ყველა სხვა სამართლებრივი მექნიზმი უნდა ამოეწურა. მათ შორის, ეს ითვალისწინებდა გასაჩივრებას რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებში, რაც ქართულ მხარეს არ გაუკეთებია. ლევან მესხორაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევროსასამართლოში რუსეთ–საქართველოს საქმის განხილვაზე, ამბობს, რომ რუსეთისთვის მიმართვა არაეფექტური, არაფრისმომცემი იქნებოდა. ამიტომ, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ევროსასამართლოსთვის ამ დოგმის ავლით მიემართა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელს, ლია მუხაშავრიას სამართლებრივი მექნიზმების ამოწურვის საკითხზე. მისმა ორგანიზაციამ 30 ინდივიდუალური საქმე მოამზადა ევროსასამართლოსთვის:

„ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეთვალისწინებინა ევროსასამართლოს ყველა მოთხოვნა და შიდა სამართლებირვი მექნიზმენის ამოწურვის მიზნით, მივმართეთ რუსეთში პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტს. იმ მოტივით, რომ ეს მექნიზმები არ ამოვწურეთ, ჩვენ ერთხელ უკვე წავაგეთ საქმე ჰააგაში. რაც შეეხება ევროსასამართლოს, ქართულმა მხარემ ამ შემთხვევაშიც არ სცადა სხვა სამართლებრივი მექანიზმების არათუ ამოწურვა, არამედ მცდელობაც კი არ ჰქონია ამგვარი რამის. ამის მიუხედავად, პროცესზე ქართული მხარე საკმაოდ დამაჯერებლად წარსდგა. ვფიქრობ, ეს პრეცედენტული საქმე იქნება,“– ამბობს ლია მუხაშავრია, რომლის ორგანიზაცია ევროსასამართლოში ორივე სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს წინააღმდეგ წარადგენს სარჩელებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ევროსასამართლოში დაახლოებით 400 ინდივიდის სარჩელი აქვს შეტანილი, რომელბიც 50–მდე საქმეში ერთიანდება. „ჩვენ იუსტიციის სამინისტროს მივაწოდეთ მასალები, რომლებიც ომის შემდგომ მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენც მივმართეთ ზოგიერთ საქმეზე რუსეთის ფედერაციას, თუმცა იქიდან დოკუმენტალურად ვერაფრის მოპოვება ვერ შევძელით,“– ამბობს საიას წარმომადგენელი ნათია კაციტაძე.

ევროსასამართლოს პრაქტიკაში მოიპოვება საქმეები, რომლებიც სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის გარეშე იქნა წარმოებაში მიღებული. რას გადაწყვეტს ევროსასამართლო ამჯერად – ამას რამდენიმე თვეში გაახმოვანებს.

XS
SM
MD
LG