ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, ბრიუსელში შეიკრიბებიან. ისინი რუსეთის მიერ, ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხს განიხილავენ. განხილვის თემა იქნება ნავალნის მხარდამჭერი აქციების დარბევა და დემონსტრანტების დაკავებაც.
შევხედრამდე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა. ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ "დაკავებების ბოლო ტალღა არის ის, რაც ძალიან გვაღელვებს, ისევე, როგორც ბატონი ნავალნის დაკავება".
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა თქვა, რომ რუსული კონსტიტუციის მიხედვით, "რუსეთში ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვისა და დემონსტრაციის თავისუფლება... კანონის ეს ნაწილი იქაც [მოსკოვში] უნდა მოქმედებდეს".
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ნავალნის საქმეს "ნათელი უნდა მოეფინოს" და გაირკვეს მისი "მკვლელობის მცდელობის საქმე".
ევროკავშირის ლიდერებმა, ერთხმად მოუწოდეს რუსეთს, გაათავისუფლოს ნავალნი და ყველა, ვინც მის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
განცხადება ამ თემაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გააკეთა. ქვეყანამ დაგმო დაკავებები და "რუსეთის მასშტაბით, ამ უქმეებზე, უხეში ტაქტიკის გამოყენება დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ". ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ ფრაისი ავრცელებს.
ნავალნი, 2021 წლის 17 იანვარს, აეროპორტში დააკავეს. ის გერმანიიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ, ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ის რუსეთში დაბრუნდა, სადაც პირობითი სასჯელის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
ნავალნის მოსამართლემ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნავალნის თავისი მოწამვლის საქმეში ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს. ამ ბრლადების დამამტკიცებელი გამოძიებაც გამოაქვეყნა. პუტინი და მისი ხელისუფლება ყველანაირ ბრალდებას უარყოფს. დასალვეთს კი მოუწოდებს ნავალნის საკითხის გამო, ქვეყნის შიდა საქმეებში ნუ ჩაერევა.
Facebook Forum