ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიზნებზე შეთანხმებას მიაღწია


ევროკავშირი შეთანხმდა კანონზე, რომელიც ათწლეულის ბოლოსთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების ეროვნულ სამიზნეებს დაადგენს ყველა სექტორში, რაც სოფლის მეურნეობას, შენობებს და ტრანსპორტს მოიცავს.

ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მომლაპარაკებლებმა, რომლებიც ბლოკის 27 ქვეყანას წარმოადგენენ, სამშაბათს მიაღწიეს შეთანხმებას კანონზე, რომელსაც „ძალისხმევის გაზიარების რეგულაცია“ ჰქვია.

რეგულაცია საგზაო ტრანსპორტის, საშინაო საზღვაო ტრანსპორტის, შენობების გათბობის, სოფლის მეურნეობის, მცირე სამრეწველო საწარმოების და ნარჩენების მენეჯმენტის სეგმენტებში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების ეროვნულ სამიზნეებს განსაზღვრავს.

ეს სექტორები ახლა ევროკავშირის სათბურის გაზის ემისიის ქვოტებით ვაჭრობის სისტემაშია ჩართული და ევროკავშირში გამოყოფილი სათბურის გაზის 60 პროცენტს შეადგენს. კანონმა ეს მოცულობა, 2005 წელთან შედარებით, 40 პროცენტით უნდა შეამციროს.

ახლადმიღებული კანონი ევროკავშირის იმ საერთო გეგმის ნაწილია, რომლითაც 2030 წლისთვის, ემისიების გამოყოფის მოცულობა 1990 წელთან შედარებით, 55 პროცენტით უნდა შეიკვეცოს და 2050 წლისთვის კლიმატისადმი ე.წ. ნეიტრალური მდგომარეობის მიღწევა მოხდეს.

კანონი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირის ყველა წევრმა სამართლიანი წვლილი შეიტანოს. ამიტომ, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა: დანიამ, ფინეთმა, გერმანიამ, ლუქსემბურგმა და შვედეთმა სათბურის გაზების გამოყოფა 50 პროცენტით უნდა შეკვეცონ, ამ დროს ბულგარეთის სამიზნე მხოლოდ 10 პროცენტია.

ქვეყნებს შეუძლიათ თავისი ქვოტების შეზღუდული რაოდენობით ივაჭრონ, ან ნაკლები გაზის გამოყოფის შემთხვევაში „დაზოგონ“ და მოგვიანებით გამოიყენონ, როდესაც სათბურის გაზის გამოყოფა მაღალ დონეზე ექნებათ.

XS
SM
MD
LG