ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერები ისევ ერთად არიან, თუმცა აღდგენის გეგმებზე ჯერ ვერ თანხმდებიან


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში

პანდემიის გამოცხადებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის კავშირის ლიდერები ბრიუსელში პირისპირ შეიკრიბნენ. საკარანტინო შეზღუდვების გამო, უმაღლესი დონის შეხვედრები ბოლო 5 თვეა ევროპაში ვირტუალურად მიმდინარეობს.

ბლოკის 27 სახელმწიფოს შორის დღეს დაიწყო მოლაპარაკება კარანტინის დროს მძიმედ დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის შესახებ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო, მხარეები შეთანხმებას ერთ დღეში ვერ შეძლებენ და შეხვედრა უქმეებზეც გაგრძელდება.

ევროკავშირის ლიდერები ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში
ევროკავშირის ლიდერები ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში

განხილვის მთავარი თემაა 750 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი, რომელმაც ბლოკის ქვეყნების ეკონომიკის სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი. ეკონომისტების შეფასებების მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკა, ბლოკის შექმნიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დღეს დაბადების დღე აქვს, ის 66 წლის ხდება. მერკელი უკვე 15 წელია გერმანიის სათავეშია და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და პატივსაცემ ლიდერად ითვლება. როტაციის პრინციპით, გერმანია წლის ბოლომდე ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტიცაა.

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი
ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

ბევრი ანალიტიკოსი ევროკავშირის ამ შეხვედრას ანგელა მერკელის ლიდერობის კიდევ ერთ გამოცდად აფასებს. შეძლებს თუ არა, ფრთხილი და პრაგმატული ლიდერი მოკავშირეებს შორის არსებული წინააღმდეგობების დაძლევას? ამაზე იქნება დამოკიდებული არამარტო ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე მოლაპარაკება, არამედ ევროპის კავშირის ახალი, შვიდწლიანი საბიუჯეტო გეგმის დამტკიცებაც.

თუ ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, თვის ბოლოსკენ კიდევ ერთი სამიტი დაინიშნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG