ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

450 მილიარდი საავადმყოფოების და მცირე ბიზნესებისთვის


შეერთებული შტატების კანონმდებლები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც ამერიკის საავადმყოფოებს და მცირე ბიზნესებს, დამატებით 450 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებით უზრუნველყოფს. პანდემიამ კოვიდ-19 ამერიკის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა. მასთან გამკლავების მიზნით გამოყოფილი, დამატებითი მასტიმულირებელი პაკეტისთვის კენჭისყრა სენატში დღეს იგეგმება.

სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი განსახილველად წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლებს. მისი განხილვა წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ ხუთშაბათს მოხდება.

სტიმულირების პაკეტის უმეტესი ნაწილი იმ მცირე ბიზნესებისთვის არის განსაზღვრული, რომელთაც გასულ თვეში დამტკიცებული დახმარება არ შეხვდა. თუ მენეჯერები დახმარებას უმუშევრად დარჩენილ თანამშრომელთა ორი თვის ხელფასებში გახარჯავენ, თანხაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს და ბიზნესები აღარ იქნებიან ვალდებულნი, რომ ეს თანხა უკან დააბრუნონ.

პარალელურად, მთელ რიგ შტატებში, გუბერნატორებმა საკარანტინო ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს. ზოგიერთი რეგულაცია უკვე მომდევნო კვირიდან ამოქმედდება.

თუმცა, ინფექციურ დაავადებათა წამყვანი ამერიკელი სპეციალისტი, ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ შეზღუდვების ნაადრევმა მოხსნამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და ამით ეკონომიკური გაჯანსაღების შანსები შეამციროს. "ვირუსის კონტროლი თუ ვერ შევძელით, ეკონომიკის რეალური გაჯანსაღება არ მოხდება" - აცხადებს ფაუჩი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG