ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის ვიზიტი ღაზაში


ვაშინგტონი ანკარას ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს

ვაშინგტონსა და ანკარას შორის დიპლომატიური დაძაბულობა ღრმავდება. მიზეზი პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ღაზას სექტორში დაგეგმილი ვიზიტია. ანკარამ უარყო ვაშინგტონის შეთავაზება აღნიშნული ვიზიტის გადადების შესახებ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
ანკარამ მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოწოდება, სადაც ჯონ კერი ერდოღანს თხოვდა, თავი შეეკავებინა ღაზაში ჩასვლისგან. კერის განცხადებით, თურქეთის ლიდერის ღაზაში ვიზიტმა შესაძლოა პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესის ძალისხმევას ხელი შეუშალოს. თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჯმა კერის მოწოდება უარყო.
მისი განცხადებით, თურქეთი ამ მოწოდებას განიხილავს, როგორც დიპლომატიურად შეუფერებელს, ხოლო მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ანკარას შესწევს ძალა გააკეთოს ის, რაც სურს.
თურქული გაზეთის „ტარაფის“ პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს, რომ ერდოღანის ღაზაში ჩასვლის მთავარი სამიზნე თავად თურქეთის შიდა პოლიტიკაა.
„ვფიქრობ, ის შიდაპოლიტიკური მოვლენებით არის შებოჭილი, რომელიც რეგიონში მისი როგორც ისლამიზმის მხარდამჭერის იმიჯს შეეხება. მას ძალზედ ფრთხილად მოუწევს მოქმედება, მას შემდეგ რაც ისრაელთან შერიგების პროცესი დაიწყო, რაც ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს. ამჯერად, ის თავის საზოგადოებას აჩვენებს, რომ მისი სიტყვა უცვლელია, ღაზაში ვიზიტი ამის დადასტურება იქნება,“ - ამბობს სემი იდიზი.
ერდოღანს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ჰამასის ხელმძღვანელობასთან. ღაზას სექტორი სწორედ ამ მოძრაობის კონტროლს ექვემდებარება. მიმომხილველი იდიზი ფიქრობს, რომ ერდოღანმა თავისი ვიზიტით შესაძლოა ხელი შეუწყოს პალესტინელთა შერიგებას. მისი თქმით, ამ ვიზიტის დროს მთავარი თემა პალესტინრი დაჯგუფებების ფათხის და ჰამასის შერიგება იქნება.
ისრაელსა და თურქეთს შორის ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობა თელავივის ბოდიშმა განმუხტა. ისრაელმა 2010 წელს ღაზას სექტორისკენ მიმავალ თურქულ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე განხორციელებული რეიდის გამო ანკარას მოუბოდიშა. ამაში დიდი წვლილი შეეთებული შტატების პრეზიდენტსაც მიუძღვის. ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ვიზიტი კვლავ დღის წესრიგში რჩება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რომ სწორ გარემოებას დაველოდოთ. ვფიქრობ ამას პრემიერ-მინისტრი ყურადღებით ეკიდება. ვფიქრობ, ამას ყურადღებით გაიგებს. თუ საჭირო იქნება, ჩვენ დამატებითი საუბრები ვაშინგტონში მისი ვიზიტის დროს გვექნება,“ - დასძინა კერიმ.
პოლიტიკის ანალიტიკოსი ჩენგიზ აქთარი აცხადებს, რომ ანკარაზე ვაშინგტონის ზეწოლას უნდა ველოდოთ.
„ამერიკელებს სხვა გეგმა აქვთ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ერდოღანი ღაზაში არ ჩავიდეს. თუმცა, ეს არ დაანგრევს ორი ქვეყნის ურთიერთობას. ბოლო დღეს, შესაძლოა ერდოღანი ობამას ადმინისტრაციის მიდგომას გაგებით მოეკიდოს,“ - ამბობს აქთარი.
თუმცა, ერდოღანის გეგმა ღაზაში ჩასვლასთან დაკავშირებითთ, ჯერ ისევ ძალაშია.
XS
SM
MD
LG