ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ევროკავშირის ალტერნატივაზე საუბრობს


პრემიერ ერდოღანის განცხადებით, ეს არის სავაჭრო და უსაფრთხოების ჯგუფი სახელწოდებით - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია

ევროკავშირში მიღების გაჭიანურებას და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ თურქეთის გაწევრიანებისთვის აშკარა წინააღმდეგობის გაწევას ანკარა პრაქტიკულად ჩიხში შეჰყავს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერ ერდოღანის მიერ გაკეთებულმა ექსტრავაგანტულმა განცხადებამ დასავლეთის დიპლომატიაში დიდი აურზაური შეიტანა.

პრემიერის თქმით, თუკი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უარყოფითად განვითარდა, მისი 75-მილიონიანი ქვეყანა სხვა გზას აირჩევს. ამასთან თურქეთის ლიდერმა დასძინა: „შანხაი-5 გაცილებით უკეთესი და ძლევამოსილი გაერთიანებაა, ვიდრე ევროკავშირი და ამ ჯგუფთან ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს“.

შანხაი-5, რომელსაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას უწოდებენ, ძირითადად უსაფრთხოების და სავაჭრო ორგანიზაციაა. ამჟამად ის აერთიანებს რუსეთს, ჩინეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს და ყირგიზეთს. გასულ წელს ორგანიზაციამ დაიწყო მოლაპარაკება თურქეთთან და მას დიალოგში მყოფი პარტნიორი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

ოპოზიციამ პრემიერის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა. თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ განაცხადა, რომ შანხაის წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის განვითარება მინიმუმზეა დაყვანილი. თუმცა, ზუსტად იმავე დღეებში გამოიცა საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ თურქეთის მოსახლეობაში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე დაეცა. გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ევროპაში ინტეგრაციას, მაშინ როცა ეს მონაცემი ადრე 70 პროცენტს აჭარბებდა.

საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა კვლევითმა ორგანიზაციამ „ედამი“. მისი ხელმძღვანელი, სინან ულგენი, აღნიშნავს, რომ არაერთგვაროვანი რეაქციის მიუხედავად, პრემიერის განცხადებას საზოგადოებაზე საბოლოო ჯამში მაინც დადებითი ზეგავლენა ექნება.

ასეთი რამ პრემიერისგან პირველად შევიტყვეთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ თურქულ საზოგადოებაში მსგავს რიტორიკას არც ისე ნეგატიური რეაქცია მოჰყვება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს“ - ამბობს ის.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ყველასთვის აშკარაა, რომ თურქეთის ახალ უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანება მის ნატოს წევრობის გაგრძელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა 27 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში დრამატული შეფასებებისგან თავი შეიკავა.

„ცხადია საინტერესო იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ამავე დროს ნატოს წევრიცაა. უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“ - განაცხადა სპიკერმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ შანხაის ჯგუფში გაწევრიანება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან წინააღმდეგობაში არ მოდის და რომ თურქეთი მრავალფეროვან მიდგომას ირჩევს. ზოგიერთი პოლიტიკური კომენტატორი თურქეთში ერდოღანის განცხადებას არასერიოზულად უყურებს და მას ერთგვარ „დიპლომატიურ გამოხტომადაც“ კი აფასებს.

თებერვალში დაგეგმილია თურქეთის პრემიერის ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებში. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც ანკარაში ჩადის. მოგვიანებით თურქეთს საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ განვითარების რა ეტაპზე გადავა ურთიერთობა ბრიუსელს და ანკარას შორის. ერთი რამ ცხადია, თურქეთს სტაბილურად მზარდი ეკონომიკა მეტ თავდაჯერებას ანიჭებს და ის ევროკავშირის წევრობის გარდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უწევს ანგარიშს.
XS
SM
MD
LG