ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 ფაქტი ჰაერის დაბინძურებაზე - დღეს გარემოს დაცვის დღეა


დაბინძურებული ჰაერისგან ყველა საფრთხეში ვართ, რადგან დედამიწაზე ყოველი 10 ადამიანიდან 9 დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს - აცხადებს გაერო გარემოს დაცვის მსოფლიო დღეზე, რომელიც ყოველი წლის 5 ივნისს აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გარემოს დაბინძურება ჯანდაცვის მზარდ, გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და წელიწადში 7 მილიონამდე ადამიანის დაღუპვას იწვევს.

წიაღისეული საწვავის მოხმარება, სატრანსპორტო საშუალებები და საწარმოები არამარტო ჰაერს აბინძურებს, არამედ პლანეტის დათბობის და ნახშირორჟანგის გამოყოფის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამ პრობლემების მოგვარება საყოველთაო ჯანდაცვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს.

იხილეთ მხოლოდ 10 ფაქტი გრძელი სიიდან, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე და რამდენად უკავშირდება ეს კლიმატურ ცვლილებებს:

1. ჰაერის დაბინძურება ყოველ 13 წუთში 800 ადამიანს კლავს, 3-ჯერ მეტს, ვიდრე მალარია, ტუბერკულოზი და შიდსი - ერთად აღებული.

2. ზოგიერთი დამბინძურებელი არამარტო ადგილობრივი ჰაერის დაბინძურებას იწვევს, არამედ ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. ასეთია მაგალითად, საჭმლის მოსამზადებელი ქურები, დიზელის ძრავები და მეთანი.

3. მთავარ 5 დამბინძურებელს შორის ასახელებენ: წარმოებას (დიზელის გენერატორების, ელექტრო გენერატორების და ქვანახშირის წვის ჩათვლით); ტრანსპორტს (განსაკუთრებით დიზელზე მომუშავე მანქანებს); სოფლის მეურნეობას (მესაქონლეობის ჩათვლით, რომელიც მეთანის და ამონიუმის გამოყოფას იწვევს, ასევე სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების წვას); შენობაში წიაღისეული საწვავის წვას, (მათ შორის, შეშით და სხვა ბიომასის წვით საჭმლის მომზადებას, გათბობას და განათებას); ნარჩენების წვას და ა.შ.

4. შენობის შიგნით დაბინძურებული ჰაერი წელიწადში 3.8 მილიონ ნაადრევ სიკვდილს იწვევს. უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებზე მოდის, 60%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

5. დედამიწაზე ბავშვების 93% ისეთ ადგილზე ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს აღემატება. 2016 წელს 15 წლამდე ასაკის 600 000 ბავშვი დაიღუპა რესპირატორული ინფექციებით.

6. ჰაერის დაბინძურებას მიეწერება სიკვდილიანობის 26% გულის დაავადებების მქონე პაციენტებში; ინსულტების 24%; 43% - ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში და 29% - ფილტვის კიბოს მქონეთა შორის. ბავშვებში ჰაერის დაბინძურება ასოცირდება ახალშობილთა მცირე წონასთან, ასთმასთან, კიბოებთან, აუტიზმთან, განუვითარებელ ფილტვებთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.

7. დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ქალაქების 97 პროცენტი, სადაც 100 000-ზე მეტი ადამინი ცხოვრობს, ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინიმალურ სტანდარტებს. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ასეთი ქალაქების რაოდენობა მხოლოდ 29%-ს შეადგენს.

8. ურბანულ რეგიონებში დაბინძურების 25% სატრანსპორტო მოძრაობას უკავშირდება, 20% შენობებში საწვავის წვას და 15% ინდუსტრიულ აქტივობებს, მათ შორის ელექტროენერგიის წარმოებას.

9. გლობალური დათბობის 2 გრადუსზე დაბლა შენარჩუნებას, რაზეც სახელმწიფოთა მთავრობებმა 2015 წლის პარიზის კლიმატური შეთანხმებით მოილაპარაკეს, 2050 წლამდე მხოლოდ გარემოს დაბინძურების შემცირების ხარჯზე, შეუძლია იხსნას მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე.

10. იმ 15 ქვეყანაში, სადაც პლანეტის დამათბობელი აირების გამოყოფა ყველაზე ინტენსიურად ხდება, ჰაერის დაბინძურების ღირებულება სახელმწიფოს ჯანდაცვისთვის მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 4%-ს შეადგენს. პარიზის შეთანხმება კი გლობალური მშპ-ის მხოლოდ 1%-ის ინვესტიციას ითხოვს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG