რუსეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჰაერში აღმოჩენილია რამდენიმე სახეობის რადიოაქტიური იზოტოპი. რადიაციის დონის შემოწმება მას შემდეგ ჩატარდა, რაც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე იარაღის გამოცდისას აფეთქება მოხდა.
"როსჰიდრომეტის" მიერ 26 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების ადგილის ახლოს მდებარე ქალაქ სევეროდვინსკში აღმოჩენილია სტრონციუმის, ბარიუმისა და ლანთანუმის ნიმუშები. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამაღლებული რადიაციული ფონისა, საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.
8 აგვისტოს არხანგელსკში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. აფეთქებიდან მალევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აფეთქება თხევადი საწვავის ძრავის გამოცდის დროს მოხდა. განცხადებაში სამინისტრომ უარყო, რომ აფეთქებას რაიმე სახის რადიოაქტიური დაბინძურება მოჰყვა.
აგვისტოს პირველ 8 დღეში, რუსულ ბაზაზე ორი აფეთქება მოხდა. 5 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა კრასნოიარსკის მხარეში მდებარე იარაღის საცავში, რასაც დიდი აფეთქება მოჰყვა. ამ ინციდენტის შედეგად, რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
Facebook Forum