ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტური დეჟავუ - ამბოხის ახალი ტალღა ქაიროში


ეგვიპტური დეჟავუ - ამბოხის ახალი ტალღა ქაიროში
ეგვიპტური დეჟავუ - ამბოხის ახალი ტალღა ქაიროში

თაჰრირის მოედანზე დემონსტრანტებს და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის ისევ შეტაკება მოხდა

მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების მიერ ქვების სროლას ცეხლით უპასუხეს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თაჰრირის მოედნის განაპირა მხარეებზე პოზიციების გამაგრება დაიწყეს.

„არა - ტანტავის! ტანტავი უნდა წავიდეს“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს მეთაურის, მუჰამედ ჰუსეინ ტანტავის, მიმართ პროტესტმა პიკს ორშაბათს მიაღწია. სამდღიანი შეტაკებების შემდეგ 1 700 დემონსტრანტი დაშავდა და 20 დაიღუპა. მოედანზე სახელდახელო სამედიცინო პუნქტებია გახსნილი.

ერთ-ერთი ქირურგის განცხადებით დაზიანებები უმეტესად ცრემლსადენი გაზით არის მიყენებული. რეზინის ტყვიებით დაშავებულებიც გვყავს, ამბობს ის. ექიმები ცდილობენ პირველადი დახმარება იქვე, თაჰრირის მოედანზე აღმოუჩინონ. მძიმე შემთხვევების დროს კი პაციენტებს საავადმყოფოში უშვებენ.

გამომცემელის -ჰირშამ კასიმის- ოფისი მოედანთან ახლოს მდებარეობს. მისი თქმით სახელმწიფო უშიშროება სიტუაციას ვერ აკონტროლებს:

ჩვენს პოლიციას და სამხედრო ქვედანაყოფებს, რომლებიც მათ ეხმარებიან, წვრთნა დემონსტრაციების სწორად დაშლაში არ გაუვლიათ. ისინი ან უკან იხევენ, ან კიდევ ზედმეტ ძალას იყენებენ. ერთადერთი თრეინინგი, რომელიც მათ გაიარეს, ეს იყო მუბარაქის დროს, რომელიც გამოუსადეგარი და ძალის უთანაბრო გადამეტებით ხდებოდა. ასე რომ უშიშროება ახლა ერთგვარ ჩიხშია“.

ეგვიპტის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ორშაბათს ძალის გამოყენება იმით გაამართლა, რომ დემონსტრაციებით და არეულობით ქვეყნის ეკონომიკა სუსტდება.

უსაფრთხოების ძალების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ საომარი ტაქტიკის გამოყენებამ აქციის მონაწილეთა შორის აგრესია კიდევ უფრო გაზარდა. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ტანტავი ჯარისკაცია და მისი ადგილი ბრძოლის ველზეა მტრის წინააღმდეგ, და არა - საკუთარ ქვეყანაში ეგვიპტელი ხალხის პირისპირ.

სამოქალაქო სამართლის დამყარება ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნებით ერთ კვირაში უნდა დაიწყოს. თუმცა გარდამავალი ეტაპის დასრულებას დიდი დრო დასჭირდება და ის მხოლოდ 2013 წელს დასრულდება. მოსახლეობა შიშობს, რომ ძალოვნებს დროის გაჭიანურება სურთ.

ჟურნალისტი კასიმის თქმით ეგვიპტეში მხოლოდ სამხედრო მმართველობა იციან და წარმოდგენა არ აქვთ, იმაზე, თუ როგორ იმართება სამოქალაქო საზოგადოება. „ჩვენ ქვეყნის ცივილურად მართვის გამოცდილება ჯერ არ გვქონია“ აცხადებს ის.

ეგვიპტელებს ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის იმედი აქვთ. გამოკითხვების მიხედვით დემონსტრანტების უმრავლესობა სწორედ საყოველთაო არჩევნების მომხრეა. სხვა ალტერნატივა მათ არც აქვთ და ვერც დააკმაყოფილებს.

XS
SM
MD
LG