ეგვიპტის კრიზისის ესკალაციის ფონზე ქვეყნის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურების როლი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა განაცხადა, რომ იგი სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მუბარაკმა ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი ომარ სულეიმანი დანიშნა. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გერი თომასი იუწყება, ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებს სადაზვერვო სამსახურები სძულთ.
შეერთებული შტატების არმიის ომის შესწავლის კოლეჯის პროფესორი ლერი გუდსონი აღნიშნავს, რომ მუბარაკის მომხრეებსა და ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებები მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.
„როცა მე ვნახე ის განსაცვიფრებელი ვიდეო კადრები, რომელშიც ცხენებსა და აქლემებზე ამხედრებული პირები თაჰრირის მოედანზე შეიჭრნენ მაშინ როცა იქ ტანკები იდგა, ეს ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ რეჟიმმა ეს ხალხი მშვიდობიანი მაგრამ ურჩი დემონსტრაციის დასაშლელად გამოიყენა,“ აღნიშნა გუდსონმა.
მთავრობა შეტაკებების ორგანიზების ბრალდებებს უარყოფს. მაგრამ სადაზვერვო სამსახურის ყოფილ ანალიტიკოსს ოუენ სირსს, რომელიც ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ისტორიის შესახებ ყოვლისმომცველი წიგნის ავტორი გახლავთ, მიაჩნია, რომ ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებზე თავდასხმების ორგანიზებაში ეგვიპტის ახლახან დანიშნული ვიცე პრეზიდენტისა და სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გენერალ ომარ სულეიმანის ხელი ურევია.
„გენერალი სულეიმანი ეგვიპტეს სადაზვერვო სამსახურის დე ფაქტო ხელმძღვანელად რჩება და ამდენად იგი ამგვარ საქმიანობაში უდავოდ ჩარეული იქნება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მუბარაკის მომხრეები დაკავშირებულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც შეერთებული შტატების გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მსგავსად ქვეყნის შიგნით სადაზვერვო ფუნქციების შესრულება ევალება,“ აღნიშნა ოუენ სირსმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა მუბარაკმა გენერალი სულეიმანი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე 29 იანვარს დანიშნა. მუბარაკმა აგრეთვე განაცხადა, რომ იგი სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. თუმცა მან ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნაზე მისი დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ უარი განაცხადა.
ეგვიპტის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის რანგში სულეიმანს ძირითადად საგარეო სადაზვერვო ფუნქციების შესრულება ევალებოდა, თუმცა სამსახური შინაგანი უშიშროების დავალებებსაც ასრულებდა. სულეიმანი მუბარაკთან დაახლოებული პირი გახლავთ. 2009 წელს შეერთებულ შტატებში გამოცემულმა ჟურნალმა „ფორეინ პოლისიმ“ სულეიმანი არაბულ სამყაროში სადაზვერვო სამსახურის ყველაზე ძლევამოსილ ხელმძღვანელად დაასახელა.
ოუენ სირსი აღნიშნავს, რომ ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის მიერ ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევებისა და პრეზიდენტ მუბარაკთან სიახლოვის გამო ანტი-სამთავრობო დემონსტრანტები სულეიმანს არ ენდობიან.
„არა მგონია, რომ ამ ხალხისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, თუ რა ევალება ომარ სულეიმანს - საგარეო ურთიერთობები თუ შინაგანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მათ ცნობიერებაში ეს კაცი ეგვიპტის სადაზვერვო აპარატს ანსახიერებს. ხოლო ეგვიპტეში სადაზვერვო სამსახური საშინელი რეპუტაციით სარგებლობს, განსაკუთრებით რაც შეეხება რეპრესიებს, ადამიანის უფლებების დარღვევასა და წამებას. ამის შესახებ ადამიანის უფლებების სხვადასხვა ანგარიშებში თქვენ უამრავ მტკიცებულებას ნახავთ,“ აღნიშნა ოუენ სირსმა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის მთავარი სადაზვერვო სამსახური შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან წლების მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს, განსაკუთრებით რაც შეეხება ანტი-ტერორისტულ საქმიანობას, აღნიშნავენ ექსპერტები.
ეგვიპტის შინაგანი უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ქვეყანაში ინფორმატორების ფართო ქსელს ინარჩუნებს. სხვადასხვა გამოანგარიშებით ინფორმატორთა ქსელი ერთ მილიონამდე პირს აერთიანებს.