ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ახალი ბიზნესების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა


აშშ-ში ახალი ბიზნესების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა
აშშ-ში ახალი ბიზნესების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად შეერთებულ შტატებში ახალი ბიზნესების რიცხვმა თოთხმეტი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

მართალია გლობალურმა ეკონომიკურმა ჩავარდნამ შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე გაზარდა, ახლახან გამოქვეყნებული კომერციული საქმიანობის მიმოხილვის შედეგების თანახმად 2007 წელსა და 2009 წელს შორის ახალი ბიზნესების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეს აიხსნება იმით, რომ ეკონომიკური რეცესიის პირობებში ბევრმა პირმა სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო.

ჯესი რაუჩის სამუშაო დღე საკმაოდ უჩვეულოდ იწყება. ტრადიციული ოფისის მაგივრად მისი სამუშაო ადგილი, როგორც წესი, ახლომდებარე კაფეშია. ოთხი თვის წინ მან საკუთარი ბიზნესი დაიწყო და ახლადმიღებული უპირატესობებით სარგებლობა დაიწყო. მისი თქმით:

„მე ვფლობ სრულ თავისუფლებას და შემიძლია ავარჩიო ის რაზეც მე მსურს, რომ ვიმუშაო. დილაადრიანად ადგომა აღარ მიხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიან ვიძინებ.“

მაგრამ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით ჯესი რაუჩი აღნიშნავს:

„ამჟამად მე ჩემ დანაზოგებზე ვცხოვრობ, რაც ძალიან მაღელვებს. ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობენ ამის გამო.“

რაუჩმა საკუთარი ბიზნესის დაწყება მაშინ დააპირა, როცა მისი სამუშაო კონტრაქტი ერთ-ერთ არაკომერციულ ორგანიზაციასთან დასრულდა.

„მე უამრავი რეზიუმე და წერილი გავაგზავნე. სამსახურის შოვნა ტრადიციული ხერხებით ძალიან რთული გამოდგა,“ აღნიშნავს რაუჩი.

იგივე აზრის არის პამელა სტრო, რომელიც გაოცებული აღმოჩნდა სამუშაო ადგილების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობით. მისი თქმით:

„მე იმედგაცრუებული ვარ. უმუშევრად უკვე ათვი თვე გავატარე. ამ ათი თვის მანძილზე მე უკვე 250-ზე მეტი რეზიუმე გავაგზავნე.“

საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში სამუშაოს ძებნის პარალელურად სტრომ კომპიუტერების შეკეთებას მოკიდა ხელი და ამ საქმიანობიდან გარკვეული შემოსავალიც ნახა. მისი თქმით:

„თვითდასაქმებულობა ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება როდი იყო. მე უბრალოდ მეგობრებში და ნაცნობებში გავიკითხე და შედეგად გარკვეული შესაძლებლობები გამომიჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე თვითდასაქმებული გავხდებოდი ამ შესაძლებლობების გამოყენების მიზნით.“

პამელა სტროსა და ჯესი რაუჩის ნაირი ისტორიები შეერთებულ შტატებში საკმაოდ ხშირია. კაუფმანის სახლობის ფონდი ყოველწლიურად სამეწარმეო საქმიანობის ინდექსს აქვეყნებს. კაუფმანის სამეწარმეო საქმიანობის მიმოხილვის შედეგებმა ცხადყო, რომ 2009 წელს შეერთებულ შტატებში ახალი ბიზნესების რიცხვი თოთხმეტი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი აღმოჩნდა.

ბარბარა პოზნერი პროფესიული დასაქმების ფირმის მეპატრონეა. მისი თქმით, გასულ წელს სამუშაოს მძებნელთა უმრავლესობას მაღალკვალიფიცირებული პირები შეადგენდნენ, რომლებიც დაბალ ანაზღაურებაზე თანახმანი იყვნენ. პოზნერი აღნიშნავს:

„მათ ჩვენ მოგვაკითხეს იმის გამო, რომ მათ სამსახური დაკარგეს ან ადრეულ პენსიაზე გასვლა მოუხდათ. ალბათ მათ შორის აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც საკუთარ სამეწარმეო საქმიანობას მოკიდა ხელი.“

შეიძლება უფრო მეტი პირი აპირებს საკუთარი ბიზნესების დაწყებას, მაგრამ დასაქმების სტატისტიკის ბიუროს ცნობით, თვითდასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

მცირე ბიზნესების ასოციაციის თანამშრომელი პენი პიკეტი აღნიშნავს, რომ ისტორიული გამოცდილება ცხადყობს, რომ ეკონომიკური ჩავარდნის მიუხედავად კომპანიები გაჭირვებას არ განიცდიან. მისი თქმით:

„საუკეთესო ამერიკული კომპანიები ეკონომიკური სიდუღჭირის დროს დაარსდნენ. მაგალითად მაიკროსოფტი დაარსდა 1980-იან წლებში, როცა ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო.“

ჯესი რაუჩისთვის მისი ახალი ცხოვრება თავგადასავალს წარმოადგენს. მას ყოველთვის სურდა საკუთარი ბიზნესის წარმართვა. რაუჩი დასძენს:

„ჩემთვის ყოველივე ეს გაუკვალავია. მე საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ბევრს ვისწავლი. აგრეთვე გავიგებ იმასაც, თუ რამდენად შევძლებ ამ ატმოსფეროში გადარჩენას, როცა სამუშაოს შოვნა ძალიან გართულებულია.“

მას იმედი აქვს, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული რისკი მალე წარმატებაში გადაიზრდება.

XS
SM
MD
LG