უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებმა გასულ კვირას უკრაინის, რუსეთის და ეუთოს მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს და ის ძალაში 27 ივლისს შევიდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, სეპარატისტებმა ახალი ზავი, დონეცკის სამხრეთში მდებარე ქალაქ უჟივკასთან და სამხრეთ აღმოსავლეთში, ქალაქ ნოვომიხაილივკასთან დაარღვიეს.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, თავად უკრაინა კი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ამ განცხადებას სეპარატისტები უარყოფენ და ამბობენ, რომ ისინი შეთანხმებას იცავენ.
2014 წელს, კონფლიქტის დასაწყისიდან დღემდე, აღმოსავლეთ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების 20-ზე მეტი მცდელობა იყო.
შეთანხმების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კონფლიქტი სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
ზელენკსიმ განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმსა და რუსეთში დაკავებული უკრაინელების გათავისუფლების საკითხი განიხილა. კრემლის განცხადებით, პუტინმა ზელენსკის უთხრა, რომ კიევის გეგმა ჩაატაროს რეგიონალური არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინაში, მინსკის 2015 წლის შეთანხმების დარღვევაა.
აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტს მედიაციას გერმანია და საფრანგეთი უწევს. 2015 წელს მინსკში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა ის ამ დრომდე არ სრულდება.
იმ საკითხებს შორის, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან არის ადგილობრივი არჩევნები, საზღვრის კონტროლი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რეგიონებში, რუსული სამხედრო ერთეულების და ტექნიკის ტერიტორიიდან გაყვანა და სეპარატისტების განიარაღება.
2014 წლის შემდეგ, კონფლიქტმა 13 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Facebook Forum