ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს


22 აპრილი დედამიწის დღის 50-ე წლისთავის აღნიშვნის დღეა. 50 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაისვა შეკითხვა იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა დედამიწა გადარჩენას.

1970 წელს ამერიკელებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რა საფრთხეს წარმოადგენდა ჰაერისა და წყლის დაბინძურება. რეიჩელ კარსონის წიგნი, “ჩუმი გაზაფხული”, რომელიც 1962 წელს გამოიცა სწორედ პესტიციდებისგან გამოწვეულ საშიშროებაზე საუბრობდა. სმოგში გახვეული ლოს-ანჯელესის და სხვა დიდი ქალაქების ფოტოები კი ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

თუმცა, სწორედ 60-იანი წლების პერიოდში გამოჩნდა იაფი საწვავი, დიდი მანქანები, კვების მასობრივი წარმოება, ქარხნებში დამზადებული საქონელი, ანუ ყველაფერი, რაც ცხოვრებას ამარტივებდა და გარემოს აბინძურებდა. ცხოვრების გამარტივებისა და იაფი საშუალებების გამოჩენასთამ ერთად, ამერიკელებმა ჰაერის დაბინძურებაზე ზრუნვა უფრო და უფრო ქვევით ჩასწიეს იმ პრობლემების სიაში, რომელიც ქვეყანას ეხებოდა.

შემდეგ, 1969 წელს სანტა-ბარბარას სანაპიროზე, კალიფორნიაში ნავთობი ჩაიღვარა, რამაც ათასობით ფრინველი, დელფინი და ზღვის ლომი მოკლა. ამ შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ ოჰაიოში, მდინარეში მოტივტივე ინდუსტრიულ ნარჩნებს ცეცხლი გაუჩნდა. სწორედ ეს ფაქტორები გახდა გადამწყვეტი იმისთვის, რომ აქტივისტებს გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლა დაეწყოთ. ცეცხლში გახვეული მდინარეები და სმოგი ქალაქებში, უკვე აღარ იყო სახუმარო თემა.

სტენფორდის უნივერსიტეტის 25 წლის სტუდენტი, დენის ჰეიესი და დემოკრატი სენატორი ვისკონსინიდან გეილორდ ნელსონი იყვნენ ინიციატორები 1970 წლის 22 აპრილს დედამიწის დღის დაარსებისა.

დღეს ჰეიესი “დედამიწის დღის კავშირის” თავმჯდომარეა. მან პირველი დედამიწის დღეს გაიხსენა: “ის პირველი დღე იყო უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ერთად მოვუყარეთ თავი რამდენიმე თემას და ესენი იყო: ჰაერის ურბანული დაბინძურება, ტყვიის შემცველი საღებავები, ნავთობის ჩაღვრა სანტა-ბარბარაში, ცეცხლმოკიდებული მდინარეები. ამის შემდეგ, უკვე ხალხი დიდ ძალისხმევას დებდა იმაში, რაც მათთვის იყო რელევანტური. მაშინ ჩვენ, ფაქტობრივად, გზა გავიკვალეთ”, თქვა ჰეიესმა.

სენატორმა ნელსონმა იდეა სენატში გაიტანა, შემდეგ კი ეს თემა კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების კამპუსებს ბალახივით მოედო.

ჰეიესი ამბობს, რომ დედამიწის დღე სამყაროში ყველაზე დიდი სეკულარული დასვენების დღეა. მას მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს სხვადასხვა სახის აქტივიზმით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG