ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონების კანონიერება


პრეზიდენტმა ობამამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება გაამართლა

გუშინ ვაშინგტონში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ანტიტერორისტულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა შორის უპილოტო საფრენი აპარატების იგივე დრონების გამოყენებაც შედის.

ხანგრძლივ მოხსენებაში პრეზიდენტმა ობამამ ვრცლად ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელსაც შეერთებული შტატებისთვის ალ-ყაიდა და მასთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფები წარმოადგენენ. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებზე ფართომასშტაბიანი ტერორისტული შეტევა აღარ განხორციელებულა. თუმცა, წარმოიქმნა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ყაიდა და მასთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები და პირები. ასევე, ასეთი რადიკალური ინდივიდები უკვე არიან თავად შეერთებულ შტატებშიც. ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას უწევს თავის პარტნიორებს - პაკისტანს, იემენს და სომალის. მისი თქმით, როდესაც მთავრობებს არ შეუძლიათ ტერორიზმის შეჩერება საკუთარ ტერიტორიებზე, დგება ისეთი ნაბიჯების საჭიროება, როგორიცაა დრონების გამოყენება.

„ამერიკა არ ახორციელებს დარტყმას, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ტერორისტების შეპყრობა. ჩვენ მუდამ გვირჩევნია დაკავება, გამოძიება და დასჯა. ამერიკას არ შეუძლია დარტყმის განოხრციელება მისი სურვილისამებრ. ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს პარტნიორ მთავრობასთან და პატივს ვცემთ მათ სახელმწიფო სუვერენიტეტს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
მან დრონების გამოყენებას ეფექტური უწოდა და განაცხადა, რომ ამის საშუალებით ბევრი ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა. პრეზიდენტმა ობამამ ასევე ისაუბრა ამერიკის მოქალაქის და რადიკალი მუსლიმის ანვარ ალ-ავლაყის დრონით განადგურების სამართლებრივ საფუძველზეც. ავლაყი 2009 წელს მოკლეს.

„როდესაც შეერთებული შტატების მოქალაქე მიდის საზღვარგარეთ და ომს უცხადებს ამერიკას, აქტიურად გეგმავს და ახორციელებს ამერიკელთა მკვლელობებს და როდესაც არც შეერთებულ შტატებს და არც მის პარტნიორებს არ შეუძლიათ მისი დაკავება, მისი მოქალაქეობა ვერ იქნება დამცავი იმ დროს, როცა მის ქმედებას შესაძლოა უდანაშაულო ხალხი შეეწიროს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა
მას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა დროენბის ოპერაციაზე პასუხისმგებლობის გადაცემას თავდაცვის დეპარტამენტისთვის.

ამჟამად დრონების გამოყენება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა, მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის გარეთ საომარ ზონებში ოპერაციებზე პასუხისმგებლობა ამერიკელ სამხედროებს გადაეცემათ.
პროფესორი კენ ანდერსონი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ობამამ თავისი მოხსენებით მიზანს მიაღწია.

„ვფიქრობ, მოხდა ობამას ადმინისტრაციის პოზიციის პრეზენტაცია, იმ საკითხებზე, რომელიც დგას კონგრესის განხილვის სიაში, გუანტანამოს საპატიმროსა და დრონების გამოყენების შესახებ. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ინსტიტუციონალიზაცია და ეროვნული უსაფრთხოების განხორციელების მექანიზმის წარმოჩენა შეერთებული შტატებისთვის და არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის,“ - განაცხადა ანდერსონმა.

პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ შეერტებულმა შტატებმა უნდა განსაზღვროს რომ ანტიტერორისტული ღონისძიებები ეს არ არის უსაზღვრო გლობალური ომი, არამედ სამიზნეების წინააღმდეგ მუდმივი და სპეციფიური ოპერაციები. პრეზიდენტი დრონების გამოყენების შესახებ კონგრესთან ურთიერთობის განახლებას გეგმავს. ასევე სურს, რომ კონგრესმა აღადგინოს სამხედრო ძლაების გამოყენების აქტი, რომელიც თავდაპირველად 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მიიღეს და მერე გააუქმეს.
XS
SM
MD
LG