ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსტინი ამბობს, რომ უკრაინა 2.3 მილიარდ დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს


ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტნიმა განაცხადა, რომ ამერიკა მალე უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახალ - 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. დახმარების ეს პაკეტი მისი თქმით, მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, "პატრიოტის" ტიპისა თუ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ამუნიციას და სხვა შეიარაღებას.

ოსტინმა ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის აღმოსავლეთით, ფრონტზე გამწვავებული ვითარების ფონზე ეს დახმარების თაობაზე მნიშვნელოვანი განაცხადი იყო.

ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 150 მილიონი საპრეზიდენტო განკარგულების ფარგლებში გაიცემა, დანარჩენი კი "უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის" ფარგლებში. საპრეზიდენტო განკარგულება უფლებას აძლევს პენტაგონს, რომ კიევს თავისი მარაგიდან გამოუყოს იარაღი, რაც მიწოდების უფრო სწრაფი გზაა. მხარდაჭერის ინიციატივა კი შეიარაღების მიწოდების თაობაზე, შედარებით გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს.

"არ შეცდეთ, უკრაინა მარტო არაა, ამერიკის მხარდაჭერა არ შეირყევა. 50 სხვა პარტნიორთან და მოკავშირესთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მიწოდებას, რაც უკრაინას დღეს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად და ხვალ - მის შესაკავებლად დასჭირდება", - თქვა ლოიდ ოსტინმა უმეროვთან 2 ივლისს გამართული შეხვედრის დასაწყისში.

ვაშინგტონი მომავალ კვირას ნატოს სამიტს მასპინძლობს. ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით, მუშაობა გაგრძელდება.

"ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს უკრაინის ნატოს წევრობისთვის ხიდის ასაშენებლად", - მიმართა ოსტინმა უმეროვს, უკრაინელმა მინისტრმა კი თქვა: "იმედია უკრაინა მოწვევას მალე მიიღებს".

ამ 2.3 მილიარდის ჩათვლით, რომლის შესახებაც ოსტინმა გამოაცხადა, ამერიკამ უკრაინას უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 53.5 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

ამასთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს უკრაინის მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებმაც. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრი ერმაკს შეხვდა და დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის ცნობით, განიხილა მოკავშირეთა სურვილი, უკრაინა ნატოს წევრობასთან დააახლოვონ. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და ვაშინგტონის სამიტი ამისთვის "ხიდს" შექმნის.

პატელის თქმით, ბლინკენმა და უმეროვმა არაერთ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის მომავალ სამიტზე და მოკავშირეების სურვილზე, დააახლოვონ უკრაინა ალიანსს და გააძლიერონ კიევის შესაძლებლობები, რათა მან თავი დაიცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

სამშაბათსვე ბლინკენმა და ერმაკმა ასევე განიხილეს "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ძალისხმევა, გაუმჯობესდეს უკრაინის ენერგოგამანაწილებელი სისტემა, რათა მან რუსეთის გამუდმებული თავდასხმების მიუხედავად, ფუნქციონირება შეძლოს და შეფერხებებიც აღმოფხვრას.

XS
SM
MD
LG