ერაყის დედაქალაქში ორმა ტერორისტმა დღეს თავი აიფეთქა. თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებებს სულ მცირე, 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ბევრი დაიჭრა.
ინციდენტი ბაღდადის ცენტრალურ უბანში, ტაირანის მოედანზე მოხდა დილით, პიკის საათისას. ეს ადგილი ქალაქის სავაჭრო-კომერციული ცენტრია და იქ მუდამ ხალხმრავლობაა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ბოლო პერიოდში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა არაერთი თავდასხმა განახორციელეს ერაყში.
დაჯგუფებამ ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ ტერიტორიების დიდ ნაწილზე კონტროლი სამი წლის წინ დაამყარა. ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით კი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ წელს არაერთი თავდასხმა განახორციელეს და ნელ-ნელა განდევნეს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძლები მათ მიერ დაკავებული მნიშვნელოვანი ქალაქებიდან და დასახლებებიდან.
Facebook Forum