დათა ვანიშვნილი 87 წლის არის და მას გადაადგილების უფლება 2008 წლის შემდგომ „ჩამოერთვა“. მეუღლესთან ერთად, ის ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობს. მისი ნათესავები კი ქართული მხარის მიერ გაკონტროლებულ სივრცეში იმყოფებიან. დათა ვანიშვნილს ადამიანებთან კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლებლობა აქვს: მავთულხლართებთან დადგეს და ასე ესაუბროს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიღმა მოსულ „სტუმრებს“.
დაკავება სახლში შეჭრით
15 აპრილს დათა ვანიშვნილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვნილი-ქურთაევი დააპატიმრეს. რუსმა მესაზღვრეებმა მომდევნო დღეს დათა ვანიშვილს სახლში მიაკითხეს და ამჯერად შვილიშვლის მეუღლე, თათია ადიკაშვილი გაუყენეს გზას ცხინვალისკენ. „ჩემი შვილიშვილი დააპატიმრეს და მისი ცოლიც, პატარა გოგოა, ტირილ-ტირილით წაიყვანეს. ექვსნი მაინც იქნებოდნენ, რუსები, სახლში შემოვიდნენ და აქედან გაიყვანეს“, - გვიყვება დათა პაპა.
"ამერიკის ხმა" ხურვალეთში მის მოსანახულებლად ჩავიდა და გატაცების ამბავი აღმოაჩინა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანების უკიდურეს დაუცველობას. გატაცების შესახებ მანამდე არავინ იცოდა, მათ შორის არც დათას მეზობლებმა, საქართველოს კონტროლირებად მხარეზე. მათი სახლები ერთმანეთისგან ასი მეტრითაც კი არაა დაშორებული, მაგრამ რა ხდება მავთულხლართს მიღმა, ამის გარკვევა არც ისე იოლია.
დათას შვილიშვილი, ისევე როგორც თავად დათა პაპა რუს მესაზღვრეებს არაერთხელ დაუკავებიათ, აქამდეც. მოხუცი ყოველთვის მზადაა დააფიქსიროს, რომ ის საქართველოში ცხოვრობს და სახლისა და ეზოს მიტოვებას არასდროს აპირებს. „ადრე მეტროში ვმუშაობდი, თბილისში, ხუთი წელი, გვირაბში. ტყვარჩელშიც მიმუშავია, ამოღებული ხმალივით ვიყავი,“- გვეუბნება დათა პაპა და ხმა უკანკალებს, სახლის მიტოვება ვერც კი წარმოუდგენია.
„ვის დავუტოვო, რატომ დავუტოვო, ამდენი წელი ვაშენებდი, აქ ვცხოვრობდი, ახლა სად წავიდე?“ მისი წუხილისადმი ოკუპაცია გულგრილია, ისევე როგორც ყოველი ადამიანური ტკივილის მიმართ. მოხუცი დიდ სევდას ატარებს, დაწყებული იმით, რომ მისი შვილი, რომელიც გვერდით სოფელში, ცხოვრობს, მამისეულ სახლში მისვლას ვერ ახერხებს და დასრულებული ყოველდღიური პრობლემებით, რაც ერთი შეხედვით, ისეთ მარტივ საკითხს უკავშირდება, როგორიც პურის ყიდვაა. დათას პურის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს, ეს მისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენს.
მართლაც, სად უნდა იყიდო პური 87 წლის ადამიანმა, როდესაც შენს სახლთან მავთულხლართია გაბმული, საქართველოს კონტროლირებადი სივრცისკენ გადაადგილებას გიკრძალავენ და თავზე ავტომატიანი კაცები გადგანან? მაღაზია დათასგან ორი მიმართულებით არსებობს: ქართული და ოსური. ოსურ მხარეს, გარდა იმისა, რომ საკმაოდ შორი მანძილის გავლაა საჭირო პურის საყიდლად, ქართულ ფულს არ იღებენ. დათა კი, აგერ უკვე 12 წელია რუსული პასპორტის აღებაზე უარს აცხადებს.
მას, 87 წლის მოხუცს, უამრავი გაჭირვების მიუხედავად, ღირსება არ დაუკარგავს იმისთვის, რომ რუსებს უთხრას: „არ მინდა თქვენი პენსია!“ აი, ასე პირდაპირ და მოურიდებლად. ამისთვის რამდენჯერმე დააკავეს კიდეც, ცხინვალის ციხეშიც აყურყუტეს, მაგრამ აზრი ვერ შეაცვლევინეს. „ახალგორში წამიყვანეს, მითხრეს, გადმოდი ჩვენსკენ, აიღე პასპორტი და მოგცემთ პენსიასო, მე ვუთხარი, არც თქვენი პენსია მინდა და არც ფული-მეთქი. აი, აქ არის ჩემი სახლი და არ გამოვალ აქედან-მეთქი. მაგათ კიდევ მითხრეს, მაგნაირი სასხლები განა ერთი და ორი არ დავანგრიეთ და დავწვითო? მე არც ვაციე და არც ვაცხელე, ვუთხარი, ახლა შენ იმსახურებ ეგ პოდპოლკოვნიკის ხარისხი ატარო-თქო? იმან თქვა, უყურე, ერთი ამასო. მე ვუთხარი, მიყურე, რამდენიც გინდა-მეთქი, მაგრამ მაგათ ჩემი ჯავრი კი არ აქვთ, რომ პენსია მომცენ, ამ ტერიტორიის ჯავრი აქვთ,“- გვეუბნება დათა პაპა და ხელით ჰაერში იმ სივრცეს ხაზავს, რასაც სამშობლოს უწოდებს.
დათა პაპას პატრიოტიზმისთვის მაღალი საფასურის გადახდა უწევს. იმის გამო, რომ რუსული პასპორტის აღებაზე უარს აცხადებს, ვერც რუსულ პენსიას იღებს, შედეგად, ვერც გვერდით, ოსურ სოფელში მდებარე მაღაზიაში ვაჭრობას ახერხებს. „იქ რუსულ ფულს ითხოვენ, მე კიდევ სად მაქვს რუსული ფული. ლარებს არ იღებენ“,- გვეუბნება მოხუცი, ვისთვისაც პურის ყიდვა დილემაა.
მეორე ვარიანტი ასეთია: იმისთვის, რომ დათას სახლში პური ჰქონდეს, საქართველოს კონტროლირებად სივრცეში შემოპარვაა საჭირო ან აქედან მალულად, პურის ვინმესგან გადაცემა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დათა ვანიშვნილი იმ ადგილას ცხოვრობს, რაც ყველამ იცის, ცხადია, ამას რუსული „კანონების“ დარღვევით ახერხებს. მას პურს მალულად აწვდიან და ქართულ პენსიასაც, ასევე მალულად იღებს. პენსიის აღება ცალკე თავდაგასავალია. ამჯერად მხოლოდ იმ კითხვაზე ვცდილობთ პასუხის მიღებას, თუ რა შეიძლება გააკეთოს 87 წლის მოხუცმა იმისთვის, რომ პური იყიდოს და არსებობა შეძლოს. მისი შვილიშვილი, მალხაზი (მახო) ერთ-ერთია, ვინც მოხუცზე ზრუნავს. მისთვის ჩვეული ყოფელდღიურობაა მავლით პაპასთან შეპარვა. ამის გარეშე, მოხუცი ბებო-პაპა საარსებო წყაროს დაკარგავენ, ჩვენ კი რიგითი მაყურებლები, მათ პატრიოტულ სულს ვერ ვიხილავთ.
ვინ არის მახო?
დათა პაპასთვის მახო ერთ-ერთი საყვარელი შვილიშვილია. ჟურნალისტებს, ვისაც ხურვალეთში ყოფნა და ოკუპაციის პრობლემის გაშუქება ხშირად უწევთ, მახოსაც იცნობენ. ის მუდამ მომღიმარე ახალგაზრდაა, მხოლოდ უთქმელი - არასდროს არაფერს ამბობს და კითხვას თუ დაუსვამ, მხოლოდ გიღიმის. ამიტომაც, ჟურნალისტები მხოლოდ ხელის აწევით ესალმებიან, იციან, რომ ეს მახოა, დათა პაპას შვლიშვილი, ვისაც დათასთვის პური, წამლები და სხვა საჭირო ნივთები მიაქვს. მიხოს დაქორწინებაც ასეთივე ამბავია - ჟურნალისტური კულუარებში ცნობილი, საჯაროდ კი არ თქმული. ახლა, წყვილი, დათა პაპასა და მისი მეუღლის ფარული დამხმარეები, რუსი სამხედროების დევნის ობიექტად იქცნენ. - შესაძლოა იმისთვის, რომ ისინი შეშინდნენ, ხელი ჩაიქნიონ და თქვან: აღარ ღირს ამ ადგილას ცხოვრება, რომ უმჯობესია, სხვაგან გადასვლაზე თუ იფიქრებ და დათა პაპას წვალებითა და სისხლით დაცულ სახლს მიატოვებენ. ვინ იცის? ცხადი მხოლოდ ერთია: ოკუპაცია გლობალური პანდემიის პირობებშიც გრძელდება. იმ დროს, როდესაც სახლში უნდა იჯდე, რომ დაიცვა საკუთარი და გარშემო მყოფების სიცოცხლე, ექვსი შეიარაღებული რუსი სამხედრო საუკეთესო შანსს ხედავს იმისთვის, რომ სახლში მიუხტეს 87 წლის მოხუცს და შვილიშვილი, ცოლთან ერთად მოსტაცოს.
საგულისხმო ისიცაა, დათა პაპას ოჯახის წევრების დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევის წყალობით გახმაურდა, ამერიკის ხმამ ამ იზოლირებული მოხუცის მოკითხვა რომ გადაწყვიტა. კარანტინის პირობებში, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, სხვა ადგილებზე, ნაკლებად ვრცელდება (ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე). თუმცა, როგორც ჩანს, ოკუპანტები დროს არ კარგავენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ რუსმა მესაზღვრეებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.
პანდემია ოკუპაციას არ აჩერებს და არც იმ ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვინც ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს.
Facebook Forum