ბოლო ოცი წლის განმავლობაში მსოფლიოში კომპიუტერული დანაშაული ყველაზე სწრაფად ვითარდება. ამგვარი დანაშაულის გლობალური ღირებულება ვირუსული კომპიუტერული პროგრამებიდან დაწყებული მონაცემების მოპარვით დამთავრებული, წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მსჯელობა მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ და სად ცხოვრობ, თუ კომპიუტერის მომხმარებელი ხარ, კიბერ-კრიმინალების სამიზნეს წარმოადგენ.
რისკის ქვეშ არა მხოლოდ ინდივიდუალური პირები არიან.
მაისის დასაწყისში ნიუ იორკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილის პროკურორმა ლორეტა ლინჩმა უცხოურ ბანკებზე კიბერ შეტევის მცდელობისთვის რვა ადამიანს წაუყენა ბრალი. ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში, ზარალი 45 მილიონი დოლარი იქნებოდა.
ლორეტა ლინჩი: ეს იყო 21-ე საუკუნის ძარცვა, რომელმაც ინტერნეტით მთელი დედამიწა მოიცვა. თუმცა, იარაღის და ნიღბების ნაცვლად კიბერ დამნაშავეთა დაჯგუფებამ ნოუთბუქები და ვირუსული პროგრამები გამოიყენა.
ალან ედვარდსი, ვებ-უსაფრთხოების კომპანიის „ ვაითჰორს ტექნოლოგიის“ პრეზიდენტია, რომელიც ერთ-ერთ გახმაურებულ, განუხორციელებელ კიბერ დანაშაულზე საუბრობს. სულ ახლახანს, ცნობილი გახდა შეერთებული შტატების თავდაცვის სისტემაზე კიბერ შეტევის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩინელმა ჰაკერებმა განახორციელეს. ეს შემთხვევა კომპიუტერული დანაშაულის მასშტაბების გაზრდაზე მეტყველებს.
ალან ედვარდსი: 14 წლის გაბეზრებული გენიოსები, რომელიც უბრალოდ სისტემის წყობიდან გამოყვანით ერთობოდნენ, ახლა ორგანიზებულ დანაშაულს ჩადიან, რომლებსაც შეიძლება მთავრობაც აფინანსებდეს.
ალან ედვარდსის კომპანია ვებ-საიტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მათზე მონიტორინგს ახორციელებს.
ის აცხადებს, რომ ამ მომსახურეობისთვის, არავის სურს დამატებითი ხარჯის გაწევა მანამდე, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ მათ სისტემაზე წარმატებული კიბერ შეტევა უფრო მეტი დაუჯდებათ.
ალან ედვარდსი: სამწუხაროდ ეს მანქანის დაზღვევის ან სხვა სახის დაზღვევის მსგავსია. დაზღვევის თანხის გადახდა არ მოგვწონს, მანამ ვიდრე ავარია არ მოგვივა, ამბობს ალან ედვარდსი.
კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების გამტკიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მერილენდის შტატის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის პროფესორის დევიდ მეიმონის თქმით, ეს პრობლემის მხოლოდ ნახევრად მოგვარებაა.
დევიდ მეიმონი: ის მცდელობა, რაც პრობლემის მოგვარების მიზნით კომპიუტერულ მეცნიერებაში კეთდება, არის უბრალოდ ფოკუსირება ქსელზე და კომპიუტერებზე. ეს გათანაბრებულია იმ კრიმინალისტის შრომასთან, რომელიც იარაღზე ან კარზე დაკვირვებით იძიებს რატომ და რა ვითარებაში მოხდა დანაშაული.
ბევრ საკამათო აღმოჩენას შორის არის ინფორმაცია უცხოელ სტუდენტებზე, რომლებიც უნივერსიტეტების ინტერნეტით სარგებლობენ. აქ კიბერ შეტევების სიხშირეზე და კიბერ დანაშაულის წარმომავლობაზე საინტერესო მონაცემებია.
დევიდ მეიმონი: სხვა სიტყვებით რომ ითქვას, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც ამ უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელით სარგებლობენ, 40 პროცენტით ზრდიან კიბერ შეტევების ალბათობას სწორედ იმ ქვეყნებიდან რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
მეიმონი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი კვლევის ჩატარება არის საჭირო, თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ფაქტია ბევრი უცხოელი სტუდენტი თავიანთ ქვეყანაში დარეგისტრირებულ დავირუსებულ ვებ-საიტზე შედის, რაც ჰაკერებს კიბერ შეტევის ახალ გზას უხსნის. მეიმონის კვლევა იმედს იძლევა, რომ კიბერ შეტევების მოტივაციის შესწავლის სფეროში ახალი აღმოჩენები გაკეთდება და მოიძებნება ინტერნეტ სივრცეში არსებული პოტენციური მსხვერპლის ახალი პრევენციული გზები.