ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კავკასია: რუსეთის არასტაბილური საზღვარი


მარცხნიდან მარჯვნივ: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კინგი, კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თომას დე ვაალი, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში სტუმრად მყოფი მკვლევარი სერგეი მარკედონოვი და ამა
მარცხნიდან მარჯვნივ: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კინგი, კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თომას დე ვაალი, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში სტუმრად მყოფი მკვლევარი სერგეი მარკედონოვი და ამა

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტები ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ

გუშინ ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ჩრდილოეთ კავკასია: რუსეთის არასტაბილური საზღვარი.“ შეხვედრა ამავე ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანალიტიკური ნაშრომის განხილვას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ნაშრომი სათაურით „ჩრდილოეთ კავკასია: რუსეთის არასტაბილური საზღვარი“ გასული წლის მიწურულს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თაოსნობით გამართული ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული დისკუსიების რედაქტირებულ შეჯამებას წარმოადგენს. შეხვედრას ხსენებული ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი და რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი ენდრიუ კაჩინსი უძღვებოდა.

თავის გამოსვლაში კაჩინსმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობის დონე და ტერორისტული თავდასხმების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მაგალითად, 2010 წელს თავდასხმების რიცხვი ყაბარდო-ბალყარეთში ხუთჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 18 თებერვალს იალბუზის მთის მახლობლად განლაგებულ სათხილამურო კურორტზე მომხდარი ორი თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი და დაზიანდა საბაგირო სისტემა. ხოლო გასული წლის ივლისში ყაბარდო-ბალყარეთში მდებარე ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა განხორციელდა. ცხადია, რომ რეგიონის სტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის მთავრობის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. 2010 წლის იანვარში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დაარსებამ, რომელსაც კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე ხლოპონინი განაგებს, აგრეთვე არანაირი შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დღითიდღე უარესდება,“ განაცხადა კაჩინსმა.

ანგარიშის თანაავტორმა და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში სტუმრად მყოფმა მკვლევარმა სერგეი მარკედონოვმა თავის შენიშვნებში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთის მთავრობას ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი რთული ვითარების ოფიციალური, პოლიტიკური ახსნა არ შეუძლია. მარკედონოვს მიაჩნია, რომ კრემლს ამ რეგიონის მიმართ ნათლად ფორმულირებული სტრატეგია უბრალოდ არ გააჩნია. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ აღნიშნა:

„ეგრეთწოდებული ხლოპონინის სტრატეგია სინამდვილეში სტრატეგიას არც წარმოადგენს. ეს არის სხვადასხვა მიმზიდველი ლოზუნგებისა და სწორი შემოთავაზებების კომბინაცია. ამასობაში ოფიციალური პროპაგანდა მდგომარეობას განგებ ამარტივებს და წარადგენს ისეთ სურათს, რომელშიც რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარება გარე ძალების ჩარევას ბრალდება. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ამ გარე ძალებს, როგორც წესი, არ ასახელებენ. ამ მხრივ შემიძლია მოვიყვანო ციტატა დმიტრი მედვედევის გამოსვლიდან, რომლითაც მან მოსახლეობას ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზიდან მიმართა. თავის გამოსვლაში დმიტრი მედვედევმა კავკასიაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გავლენას შეეხო. მან კერძოდ განაცხადა, რომ ‘მათ’ ეს ცუდი სცენარი რუსეთისთვის შეიმუშავეს, მაგრამ ამ სცენარის განხორციელება რუსეთში არ გამოუვიდათ და სწორედ ამიტომ ‘მათ’ ეს სცენარი ახლო აღმოსავლეთის პირობებში განახორციელეს. გეკითხებით ვინ არიან ‘ისინი?’ სად არიან ‘ისინი?’ რომელ ჯურღმულში იმალებიან ‘ისინი?’ ძვირფასო პრეზიდენტო, გთხოვთ კონკრეტულად დაგვისახელეთ ის პირები, ვინც ჩრდილოეთ კავკასიის დესტაბილიზაცის ხელს უწყობენ.“

კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა თომას დე ვაალმა თავის გამოსვლაში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გააქტიურება ახსენა.

„ამ ბოლო ხანებში საქართველო ამ რეგიონში მცხოვრები ხალხების სახელით გამოდის. თუმცა ამ რეგიონთან საქართველოს ურთიერთობას რომ დავაკვირდეთ, ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. ამ მხრივ ჩვენ XIX საუკუნე უნდა გავიხსენოთ, როცა საქართველო ამ რეგიონის დამორჩილებაში რუსეთის მთავარი ქრისტიანი მოკავშირე გახლდათ. შეგვიძლია გავიხსენოთ აგრეთვე 1940-იანი წლები, როცა ქართველები ბერიას ხელმძღვანელობით ამ რეგიონიდან ხალხის დეპორტაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ხოლო 1990-იან წლებში ნალჩიკში მთიელი ხალხების ფედერაცია შეიქმნა, რომელიც როგორც ქართველების ისე რუსების წინააღმდეგ მოქმედებდა. მაშინ ეს იყო საერთო აფხაზური და ჩრდილოეთ კავკასიური პროექტი. თუ ქართველებს ახლა ალტერნატიული მოდელის შეთავაზება სურთ, ჩვენ ამას უნდა მივესალმოთ, მაგრამ ეს გარკვეული თავმდაბლობით უნდა მოხდეს თუ გავითვალისწინებთ ქართველების ისტორიას ამ რეგიონში. ამას გარდა ეს ინიციატივა უნდა განხორციელდეს ამ რეგიონის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე და არა ცალმხრივად რადგან ეს უფრო ბევრ პრობლემას გამოიწვევს,“ აღნიშნა თომას დე ვაალმა.

XS
SM
MD
LG