ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ნატოს მომავალ სამიტზე იმსჯელეს


ვარშავის სამიტამდე 9 დღით ადრე ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გამომსვლელებმა მომავალ კვირაში დაგეგმილ ნატოს სამიტის მოლოდინზე ისაუბრეს. მსჯელობა უფრო ზოგად საკითხებზეც წარიმართა, როგორიცაა 21-ე საუკუნეში შეერთებული შტატების სხვადასხვა ალიანსებში მონაწილეობის მნიშვნელობა და აუცილებლობა. მოხსენებების ბოლო ნაწილი დაეთმო ცენტრის მკვლევარების მიერ წარმოდგენილ ახალ ანგარიშს სახელწოდებით „ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ძალების პოზიციები ევროპაში“.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პუბლიკაცია რუსეთის ბოლო წლების ქმედებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიმოიხილავს და შეერთებული შტატების ხელისუფლებას შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს. ანგარიშის ავტორების თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი 37 რეკომენდაცია ამერიკის მთავრობას შემდეგი 10 წლის მანძილზე ევროპაში მოცულობითი სამხედრო ძალების შენების, გაძლიერების და მდგრადობის შენარჩუნების გზებს სთავაზობს. მათ შორის დასახელდა ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა ბალტიისპირეთის თითოეულ ქვეყანაში თითო ამერიკული ბატალიონის განთავსება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო და სამხედრო სექტორების ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება და სხვა.

შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, სტამბოლის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული კომენტარებით გაიხსნა. გამომსვლელებმა მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახებს და ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრეს. მომხსენებლებს შორის იყვნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი, გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლავი (შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური), პროფესორი ეველინ ფარკასი, წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე და სხვები.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს ე.წ. ბრექსიტზეც - ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის მიერ ევროპის კავშირის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. გამომსვლელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დიდი ბრიტანეთი ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციულად ძლიერი, ერთგული მოკავშირეა და არც მათ შორის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებაში, არც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სიმტკიცეში ეჭვი არავინ არ უნდა შეიტანოს.

XS
SM
MD
LG