ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ "კორუფციის აღქმის ინდექსში" ერთი ქულა დაკარგა


ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსი“. 2021 წლის ინდექსის თანახმად, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. საქართველოს ორგანიზაციის რეიტინგში საშუალო მაჩვენებელი აქვს, რადგან კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე 100 ქულით აღინიშნება, ხოლო ყველაზე მაღალი - 0-ით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილზეა, აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონში კი, პირველობას ინარჩუნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. კორუფციის გაღრმავებისთვის იდეალური გარემოს შესაქმნელად ქვეყანაში არსებულ გამოწვევებად დასახელებულია:

  • არაფორმალური მმართველობა
  • ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში
  • პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში
  • მაღალი დონის კორუფცია
  • არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი
  • შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია:

"მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითიც ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი“.

XS
SM
MD
LG