ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ჩასული სპორტსმენების ნაწილი კოვიდ დადებითია


ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთში ჩასულ სპორტსმენების ნაწილს კოვიდ19-ი დაუდასტურდათ. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

სულ დადასტურებულია 199 შემთხვევა, მათ შორის არიან სპორტსმენები, პერსონალი და ოფიციალური დელეგაციის წევრები. მზარდი მაჩვენებლების გამო, სპორტსმენებს დამოუკიდებლად გადაადგილების უფლება ჩამოერთვათ და ისინი გარკვეულწილად იზოლაციაში იმყოფებიან.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, მხოლოდ შაბათს 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კვირას კი ინფიცირებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა.

ინფიცირებულთა შორის არის რუსი მოთხილამურე ვალერია ვასნეცოვა. ის ამბობს, რომ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას ტესტირება სამჯერ ჩაუტარდა და სამივე პასუხი დადებითი იყო.

„სამწუხაროდ ჩემი ოლიმპიური ოცნებები, ოცნებად დარჩება,“- წერს ვასნეცოვა სოციალურ ქსელში.

ინფიცირებულთა შორისაა ემა ტერო, ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია. არსებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ველოდი, შემიძლია ვთქვა, რომ პეკინი 2022-ის ფარგლებში დაწესებული პროტოკოლები კარგად მუშაობს,“- ამბობს ის.

ამ დროისთვის, ჩინეთში 3000 სპორტსმენი, მწვრთნელები და ოფიციალური პირები მედიასთან ერთად ოლიმპიადის დაწყებას ელოდებიან. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს აიღებს სტარტს და 20 თებერვალს დასრულდება.

ამ ხნის განმავლობაში, ჩინეთში ჩასულ სპორტსმენებს შეზღუდული ექნებათ თავისუფლად გადაადგილება ქალაქში, რათა არ მოხდეს მათი ინფიცირება.

მაშინ, როცა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა შეზღუდვებს ამსუბუქებს, ჩინეთი მაქსიმალურ უსაფრთხოების ნორმებს იღებს. ჩინეთმა თითქმის ყველა საერთაშორისო ფრენა გააუქმა.

XS
SM
MD
LG