საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შესული სარჩელების განხილვა თვის ბოლოს, 29 აგვისტოს, დაიწყება. აღნიშნული ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" მიაწოდა წყარომ საკონსტიტუციო სასამართლოდან.
თუმცა, სასამართლოს პრესსამსახურში ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ოთხი სარჩელია შესული. კანონი გაასაჩივრეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ასევე - პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ 20%-ზე მეტ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა. ვაშინგტონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო ერთ-ერთი ტრადიციული სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ არადემოკრატიულია და ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
Facebook Forum