ატოცში ამჟამად მავთულხლართი, დაახლოებით, 330 მეტრზე გრძელდება და ის იმ ბოძებს მიუყვება, რომლებიც რუსმა, ეგრეთ წოდებულმა, მესაზღვრეებმა 11 თვის წინ დაამონტაჟეს. სოფლის მიმდებარედ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები 19 ოქტომბერს გააქტიურდნენ და რამდენიმე საათში დაასრულეს შეღობვის პროცესი. ამ დროის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ ერთგვარი ბარიერი აღმართა საქშაქეთთან მდებარე პოლიციის პოსტთან, რომელიც ატოცისკენ მიმავალ გზეზე მდებარეობს და უკანონო პროცესის დაფიქსირების უფლება ჟურნალისტებს არ მისცა.
„ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე "წარმატებით" დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე მავთულხლართები გავლებულია. ჩვენ საოკუპაციო ზოლთან ახლოს არ მიგვიშვეს, ჩვენი აქტივისტები, რომლებიც ატოცის სახლში ჩავიდნენ ჩვენთვის წყლისა და პაუერბანკების ამოსატანად, უკან აღარ ამოუშვეს. ჩვენ ვრჩებით ღია ცის ქვეშ, ატოცის ველზე, ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში,“ წერდა სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა.
ატოცის მოვლენებამდე ერთი დღით ადრე სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ“ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებთან თბილისში შეხვედრა გამართა, სადაც ოკუპაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე წარმოადგინეს რუკები, რომელიც რუსული ძალების გადაადგილების დინამიკას ასახავს ჩორჩანას ტყეში. სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოკუპაციის შესაჩერებლად არასაკმარისი და არაეფექტურია. „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო პატრულირებას კონფლიქტის ზონაში ორ წელზე მეტია ახორციელებს და ეს ცალკეული ადამიანების მიერ შეწირული თანხებით, ასევე „ანტოოკუპაციური ტაქსის“ მუშაობის ხარჯზე ხდება. თუმცა აქტივიზმის გაგრძელებისთვის, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის თვალსაზრისით, უფრო მეტია საჭირო. შეხვედრაზე „ძალა ერთობაშიამ“ სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატით მიმართა.
„თითო პარტიამ რომ ერთი ან ორი წარმომადგენელი გამოყოს, ასევე ორგანიზაციებმა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებს პატრულირების პროცესში, ვფიქრობ ძალიან სასარგებლო იქნება ერთობლივი საქმისთვის,“ ამბობს ლაშა ბერულავა, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი. ის დასძენს, რომ ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ აქტივიზმი, რომელიც მიმართულია ოკუპაციის შესაჩერებლად, გააერთიანებს სხვადასხვა პარტიისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან მათ ექნებათ დეტალური და მუდმივად გაახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს კონფლიქტის ზონაში.
შეხვედრაზე საკუთარი თანხმობა საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობის თაობაზე თითქმის ყველა პარტიამ დააფიქსირა, ქართული ოცნებისა და პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ორგანიზაციების გარდა. „ძალა ერთობაშია“ რეკრუტირების უფრო საქმიან ეტაპზე გადართვას მომდევნო დღეებში გეგმავდა, თუმცა სწორედ ამ დროს ატოცში ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყო, სადაც მათი „განეიტრალება“ ქართველმა სამართალდამცავებმა სცადეს.
სამოქალაქო აქტივისტების „განეიტრალება“ დადებითადაა შეფასებული დე-ფაქტო ადმინისტრაციის ინფორმაციის სამსახურის მიერ. „ქაცარავა, მისთვის დამახასიათებელი თეატრალური მანერით ცდილობდა ხელი შეეშალა სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, რა დროსაც პოლიციასა და საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებდა „კოლაბორაციონიზმსა და კრემლის სამსახურში.“ ამის შემდგომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართს ძალას, მოახდინეს იზოლირება და ფაქტობრივად, „შინაპატიმრობაში“ მოაქციეს ქაცარავა,“ აღნიშნულია დე-ფაქტო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში. თუმცა, ამავდროულად, არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახური საუბრობს საკუთარ ეჭვზე იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში, ქაცარავა, შესაძლოა, შეთანხმებული იყოს პოლიციელებთან და წინასწარ ჰქონდეთ მსგავსი სცენარი შემუშავებული პოლიტიკური მიზნებისთვის. დე-ფაქტო ადმინისტრაცია განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ „სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,“ თუმცა პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს ქართული მხარე.
სწორედ იმ დღეს, როდესაც ატოცში რუსები მავთულხლართებს აბამდნენ, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გორში იმყოფებოდა. ჟურნალისტებს დღის პირველ ნახევარში მან ოკუპაციის შესახებ კომენტირებაზე უარი უთხრა. „დამშვიდდით“ - ასე გამოეხმაურა იგი დაჟინებულ კითხვებს.
ბორდერიზაციის ცხელ კვალზე ატოცის მიმართულებით გადაადგილება პუტინთან დაახლოებულმა ქართული წარმოშობის მოსკოველმა ბიზნესმენმა ვლადიმერ ხომერიკმა 21 ოქტომბერს გადაწყვიტა. „მთავარის“ ჟურნალისტთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა იმის თაობაზე, რომ საჭიროა რუსეთთან მეგობრობა და რომ საქართველო თუ დაივიწყებს ნატოსა და დასავლეთთან ინტეგრაციას, ყველაფერი კარგად იქნება. „ხალხს უჭირს აქ ცხოვრება და ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, მაგალითად, წყლით უზრუნველყოფის საკითხში,“ ამბობს ხომერიკი. ის რუსული ჭურვებისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას მიმდინარე წელს პირველად არ აწყობს და ჯიუტად ცდილობს ომგამოვლილ ადამიანებს რუსეთი მოაწონოს.
აპრილში ხომერიკი გორში, ერთ-ერთი კინოთეატრის დარბაზში შეხვდა მოსახლეობას. მესიჯები იგივე გახლდათ, რაც ამჯერად. მაშინ მისმა პათოსმა და „პუტინის ადვოკატობამ“ საზოგადოება აღაშფოთა და ახალგაზრდებმა სახელდახელოდ შექმნილი პოსტერებით დააფიქსირეს პროტესტი შენობის გარეთ, სადაც პუტინის ფოტოც კი დაწვეს.
ამ დროისთვის მედია ატოცში დაიშვება, თუმცა ჟურნალისტებს გადაადგილება კვლავ შეზღუდული აქვთ ჩორჩანას მიმართულებით. ქართველი სამართალდამცავები ამას უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ხსნიან.
Facebook Forum