ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი არ არის შორს


დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მომავალ წელს გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადებიან და მის სათანადოდ წარმოსაჩენად, საგანგებო გეგმა არსებობს. ცხინვალის ადმინისტრაცია მუშაობს იმაზე, რომ „მტრის ხატი“ უფრო მკვეთრი და შემზარავი ჩანდეს და ქართველების მიერ გადამწვარი ცხინვალი ერთხელ კი არ იყოს გადაბუგული და დანგრეული, არამეც ორჯერ და მეტჯერ, - რაც მეტჯერ, მით უკეთესი. 2020 წელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ქართველების მიერ ჩაგრულობის 100 წელს მიითვლიან და ღონისძიებებს იმის თაობაზე გამართავენ, თუ როგორ დაიწყო 1920 წელს და დღემდე გრძელდება ოსების ე.წ. გენოციდი ქართველების მხრიდან.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს გაოცება იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ისე, რომ გენოციდი, ეს უაღრესად მტკივნეული და ტრაგიკული მოვლენა ერის ცხოვრებიდან, არანარად არ ასახულა ხელოვნებაში. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, ალან უსტაევი, მწერალი მუშაობს. ის ქმნის პიესას, რომელმაც გენოციდის პერიოდი უნდა ასახოს. ცხინვალში ელიან, რომ სპექტაკლი, რომელიც ამ ნაწარმოების მიხედვით დაიდგმება, გულგრილს არავის დატოვებს.

კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამერლან ძუცოვი ამბობს, რომ სპექტაკლით ტკივილსა და ტანჯვას ყველა არსებული თეატრალური ხერხით გადმოსცემენ. „ნაჩვენები იქნება ის, თუ როგორ წვავდნენ ქალაქს და ხოცავდნენ ადამიანებს, მათ, ვინც იყო ოსი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გენოციდის ძირითადი კრიტერიუმი: ნაციონალობიდან გამომდინარე გაანადგურეს ათასობით ადამიანი“,- აცხადებს ძუცოვი.

„ქართველებთან მხოლოდ ორი საკითხია, რის თაობაზეც ურთიერთგაგება გვაქვს. ეს გახლავთ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ირიგაციის საკითხები“,- ამბობს იგორ კოჩიევი, ოსური მხარის წარმომადგენელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრებზე და არ ტყუის. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართველმა და ოსმა მეხანძრეებმა არაერთელ ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა: ოსები მავთულხლართს იქით, ქართველები კი მავთულხლართს აქეთ აქრობდნენ ცეცხლს.

საირიგაციო საკითხებს რაც ეხება, ურთიერთგაგება არც ისე მარტივად მისაღწევი აღმოჩნდა. 2008 წლის შემდგომ, როდესაც ოკუპაციის ქვეშ სწორედ ის სარწყავი არხები მოჰყვა, რაც ქართული სოფლების მაცხოვრებელთა ნარგავებისთვის სასიცოცხლო წყაროს წარმოადგენდა, ზოგ შემთხვევაში სისტემები გადაიკეტა, ზოგ შემთხვევაში დაზიანდა, ამიტომაც მრავალწლიანი ხეები, პრაქტიკულად გადასაბელი აღმოჩნდა.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წლების შემდგომ, საირიგაციო საკითხებზე შეთანხმება ქართველებსა და ოსებს შორის ნაბიჯ-ნაბიჯ შედგა და ეს დიდ პლუსად შეიძლება ჩაითვალოს. სამწუხაროდ, პოლიტიკური ურთიერთგაგება ამ სფეროს არ გასცდენია. მტრის ხატი კი უფრო მკვეთრ ფერებს იძენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რასაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში აქვს/ჰქონდა ადგილი, მასშტაბური სამხედრო წვრთნებია, რომელსაც სამხრეთის სამხედრო ოლქი ატარებს. წვრთნები სახელწოდებით „ჩვენები ჩვენების წინააღმდეგ“ იმართება ასევე აფხაზეთშიც და მასში მონაწილეობას მეოთხე საავიაციო არმიის ნაწილები იღებს (სამხედრო საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალები), სხვადასხვა სახის დანაყოფებთან ერთად.

როგორც აფხაზეთში, ასევე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, სწავლებაში ჩართულია რუსული 58-ე და 49-ე არმია. სწავლებას გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობს. ტრენინგი იმართება მთიანი მაღლობების დაპყრობისა და შენარჩუნებისთვის, რაც შესაძლებლობას იძლევა გაკონტროლდეს მთის გზები. როგორც რუსული წყაროები იუწყება, სწავლებაში ჩართულია 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 1 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა. წვრთნები მიმდინარეობს ასევე ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზეც (მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის მიმართულებით - ამგვარი ფორმულირებით გახლავთ მონიშნული რუსულ წყაროებში ეს ტერიტორია - ნ.დ.).

რაც შეეხება იმას, თუ როდის დასრულდება წვრთნები თვითაღიარებულ რესპუბლიკებში, ჯერ არაა ცნობილი. სამხედრო საქმის ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ზემოთხსენებული სწავლება საქართველოს ტერიტორიაზე გამართული წვრთნების პარალელურად ეწყობა და დასრულების თარიღიც ამგვარი ლოგიკით უნდა ვივარაულოთ. ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, მაგალითად, მოელის, რომ რუსეთი აგვისტოში გაცილებით მასობრივი სამხედრო სწავლებების დემონსტრირებას მოახდენს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე ადგილას წამოიწყებს.

ივლისში ცხინვალში ერთი ხმაურიანი ინციდენტიც დაფიქსირდა, როდესაც სროლა ატყდა ადგილობრივ მილიციელებსა და სავარაუდო დამნაშავეებს შორის. შედეგად ორი სამართალდამცავი დაიჭრა (ზახარ გათიკოევი და სოსლან ფუხაევი) და ისინი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში, სამკურნალო დაწესებულებაში რჩებიან.

სავარაუდო სამართალდამღვევებმა ანდრეი კაბისოვმა და სარმატ გაბარაევმა შემთხვევის ადგილის დატოვება მოასწრეს და როგორც ოსურმა მხარემ განაცხადა, ერგნეთში გადმოვიდნენ. დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა ისიც კი თქვა, რომ ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე, ქართული მხარისგან დამნაშავეების გადმოცემას მოითხოვდნენ. ამის თაობაზე კითხვები უკომენტაროდ დატოვა იგორ კოჩიევმა. მან თქვა, რომ ის არაა მურატ ჯიოევი, ამიტომ ვერაფერს იტყვის, მურატ ჯიოევი თავის მხრივ კი შვებულებაშია.

შერიგების სამინისტროს წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ ცხინვალის მხრიდან გადმოსული მოქალაქეების არსებობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაადასტურა და ისიც დასძინა, რომ ერთ მათგანს, რომელიც დაჭრილი გახლდათ, ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იქცევიან თუ არა ეს ადამიანები „ვაჭრობის“ ობიექტებად ქართულ-ოსური მოლაპარაკებების დროს, უცნობია. ოსური მხარის მტკიცებით, კაბისოვი და გაბარაევი საშიში დამნაშავეები არიან. ერთ-ერთი მათგანი გასულ წელს ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გაექცათ. ოსმა სამართალდამცავებმა ამჯერად იმ ოჯახის წევრები დააპატიმრეს, რომელ სახლშიც სავარაუდო დამნაშავეები აფარებდნენ თავს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სიახლეა საქმის წარმოების მიმართულებითაც. მათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა გადაწყვიტეს, მაგრამ ისე, რომ სისტემის ქართული ანალოგი არ უხსენებიათ. მიიჩნევენ, რომ ეს რეფორმა წარმატებით ინერგება. „უმოკლეს დროში შესაძლებელია საკუთრების დარეგისტრირება, პრეტენზიები მოსახლეობისგან მუნიმუმამდეა შემცირებული. არის გაურკვევლობებიც, თუმცა დროთა განმავლობაში ისინიც მთლიანად აღმოიფხვრება“, - მიიჩნევს რეგისტრაციის, კადასტრისა და კარტოგრაფიის სამსახურის წარმომადგენელი რიტა ძურცათი.

კიდევ ერთი ახალი ამბავი ცხინვალიდან ის გახლავთ, რომ იქ ადგილობრივი ღვინის წარმოება დაიწყო.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან ღვინის ახალი სახეობების ექსპორტი იგეგმება რუსეთის ფედერაციაში აგვისტოს დასაწყისიდან. ღვინის წარმოება ცხინვალში ახალი ბიზნესია. პირველი პარტია გასული წლის დეკემბერში გაიგზავნა. ყურძენი კრასნოდარის მხარიდან და ყირიმიდან მოაქვთ, რადგან ადგილობრივად ის მხოლოდ მცირე რაოდენობით მოიპოვება, თუმცა წელს უკვე ვენახების გაშენებაც დაიწყეს და როგორც დე-ფაქტო ადმინისტრაცია იუწყება, 10 ჰექტარზე ვაზი უკვე დარგულია. ვენახის ფართობის გაზრდას 30 ჰექტრამდე გეგმავენ, წარმოების კი - 150-200 ათას ბოთლამდე თვეში. წლევანდელი მაჩვენებლით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან თებერვალში 14 ათასი ბოთლი ღვინო გაიგზავნა, ივლისისთვის კი ეს რაოდენობა უკვე სამჯერ იყო გაზრდილი.

ცხინვალში ღვინის წარმოებას განსაკუთრებით პერსპექტიულ საქმედ მიიჩნევენ და მის პოტენციალს იმედის თვალით შეჰყურებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG