ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცებით სირიაში სადამსჯელო ღონისძიებების შედეგად უკვე ათასამდე ადამიანია დაღუპული. მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ცნობამ 13 წლის სირიელი ბიჭის სიკვდილის შესახებ. ჰამზა ალი ალ ხათიბი პოლიციას ჰყავდა დაპატიმრებული და ის წამების შედეგად გარდაიცვალა.
ამ ფაქტმა სირიელებს საბოლოოდ დაუკარგა იმედი, რომ მთავრობა როდესმე რეფორმების გზას დაადგება, აღნიშნა ჰილარი კლინტონმა თავის უკანასკნელ გამოსვლაში. პრესკონფერენციაზე, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავის კოლუმბიელ კოლეგასთან, მარია ანგელა ჰოლგვინთან, ერთად ადამიანის უფლებების შესახებ გამართა, სირიის თემა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
“ამ ფაქტის შემდეგ სიერიელ მოქალაქეთა უკანასკნელმა იმედმა, რომ მთავრობა საკუთარ ხალხს მოუსმენს და რეფორმების გზას დაადგება, საბოლოო კრახი განიცადა. გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ასადს ჯერ კიდევ აქვს შანსი, თუკი ის სწორ არჩევანს გააკეთებს. თუმცა მას შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმის, რომ სირიის ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთის ან რეფორმის გატარების სურვილი გააჩნდეს“ - აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.
სახელმწიფო მდივანმა თავი აარიდა შეკითხვას სირიის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეთა გადასაწყვეტია. და თან მიანიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების და გაკიცხვის ფონზე მისი ხელისუფლება დასაყრდენს ყოველდღიურად კარგავს. სირიელი ხალხის მოთხოვნა, რომელიც სამშობლოში დაუყოვნებელ ცვლილებებს და გარდაქმნების გატარებას ითვალისწინებს, თანდათან ძლიერდება.
სასწრაფო რეფორმების აუცილებლობა შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ შეახსენა სირიის მთავრობას. სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება არ მაქცია პრეზიდენტ ასადის განცხადებას საყოველთაო ამნისტიის შესახებ, რადგან სირიის ლიდერი მხოლოდ დაპირებებს იძლევა და მათ უკან თითქმის არასოდეს არანაირი ქმედება არ დგას.
სამშაბათს გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის თემა ამერიკას და კოლუმბიას შორის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის შემდგომი განვითარება და ნარკოტიკებით არალეგალურ ვაჭრობაზე გაზრდილი კონტროლიც გახლდათ. სახელმწიფო მდივანმა სახალხოდ პირობა მისცა თავის კოლუმბიელ კოლეგას, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში კონგრესის თანხმობას მიიღებს და ერთი წლით დაგვიანებული ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში უახლოეს მომავალში შევა.
„იმედი მაქვს კოლუმბიელებს ეყოფათ ნებისყოფა თვალი ადევნონ ჩვენი კონგრესის მუშაობის პროცესს. როგორც ყველა სხვა საკითხზე, იქ ძალიან ბევრია რიტორიკა, დემაგოგია და პარტიული შეხლა-შემოხლა, სანამ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა არ ამოიწურება. ასე რომ დარწმუნებული ვარ, საქმე საბოლოოდ ძალიან მალე გადაწყდება“ - აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.
პრესკონფერენციის დასასრულს სახელმწიფო მდივანი მიესალმა კოლუმბიის წამყვან ინიციატივას ჰონდურასის ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში ხელახალი გაწევრიანების შესახებ. 2009 წლის კონსტიტუციური კრიზისის შემდეგ დღეს ჰონდურასის საკითხი ორგანიზაციაში კენჭისყრის შედეგად გადაწყდება.