ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატური ცვლილებები და 2012 წელი


გასული წელი ამინდის ექსტრემალური ცვალებადობით აღინიშნა. მეცნიერები ამ მდგომარეობას ახალ რეალობად აფასებენ, რომელიც მალე ნორმა გახდება

სულ ახლახან, დეკემბრის დასაწყისში ფილიპინებს თავს დიდი უბედურება დაატყდა. ტაიფუნმა ბოფამ ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და მილიონზე მეტი ლტოლვილად აქცია. ერთი თვით ადრე რეკორდულმა ატლანტიკურმა შტორმმა ამერიკაში ნიუ ჯერსის და ნიუ იორკის სანაპიროები მიწასთან გაასწორა და აღმოსავლეთ სანაპირო ფლორიდიდან მეინამდე კატასტროფულად დააზარალა.

ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ ქუომო ამინდის დრამატული ცვალებადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„კლიმატური ცვლილებები რეალობაა. ამის უარყოფა შეუძლებელია. ამინდის ექსტრემალური ცვალებადობის სიხშირის ზრდაც შესწავლას მოითხოვს“ - აცხადებს შტატის გუბერნატორი.

სენდი და ბოფა უფრო მაღალი შკალის გლობალურ კლიმატურ ცვლილებებში განიხილება, აღნიშნავს კლიმატოლოგი ტოდ სენფორდი მეცნიერთა საერთაშორისო კავშირიდან.

სხვადასხვა ტიპის კლიმატურ ინდიკატორებს ვაკვირდებით. ისინი ერთხმად მიუთითებენ იმაზე, რომ პლანეტაზე მეტ დათბობას უნდა ველოდოთ. ამასთან, არამარტო ჰაერის ტემპერატურა მატულობს, არამედ ოკეანეების და ზღვებისაც. შედეგად ყინულის რაოდენობა დედამიწაზე კატასტროფულად იკლებს“ - ამბობს სპეციალისტი.

გაეროს და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშების მიხედვით, დედამიწაზე ტემპერატურა საუკუნეში დაახლოებით სამიდან ხუთ გრადუსამდე მატულობს. მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს, რეიჩელ ქაიტს, დათბობა გადაუდებელ პრობლემად მიაჩნია.

გვალვა იქნება ეს თუ წყალდიდობა, ჩვენ უკვე გავცდით იმ ზღვარს, როცა ამ ყველაფერზე მომავალი თაობის გამო ვწუხდით. უნდა შევიგნოთ, რომ კლიმატური ცვლილებები ჩვენს თავს დღეს უკვე ხდება“ - აღნიშნავს მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი.

ორგანიზაციებს, რომელთაც კლიმატური ცვლილებების გამო განგაში აქვთ ატეხილი და მოქმედებას მოითხოვენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც შეუერთდა. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დარმიდ კემპბელ-ლენდრუმი გლობალური დათბობის შედეგად იმ ინფექციური დაავადებების ზრდის საშიშროებაზე საუბრობს, რომლის გამო ისედაც მილიონობით ადამიანი იღუპება.

„კლიმატური ცვლილებები მალარიის, დიარეის და შიმშილის რისკს ზრდის, რაც თავისთავად ჯანდაცვის მართვას არასტაბილურობის საფრთხეს უქმნის“ - ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გაეროს ეგიდით დოჰაში გამართულ კონფერენციაზე დელეგატებმა მუშაობა ახალ შეთანხმებაზე დაიწყეს, რომელმაც ინდუსტრიული ემისიის შემცირების გზით გლობალური დათბობის შენელება უნდა შეძლოს. ჯენიფერ ჰავერკამპი, გარემოს დაცვის კანონმდებლობის ანალიტიკოსი, შეხვედრას არასამთავრობო დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა. ის აღნიშნავს, რომ დოჰას კონფერენციამ მოლაპარაკებებში ძალზე მცირე წარმატებას მიაღწია.

შეხვედრიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ მნიშვნელობის მიუხედავად, კიდევ კარგი, დოჰა არ არის ერთადერთი ფორუმი, რომელზეც პროგრესის მიღწევა შეიძლება“ - ამბობს ქალბატონი ჰავერკამპი.

ანალიტიკოსის თქმით, ემისიის შემცირების საკითხებზე მუშაობა აუცილებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. თუმცა, ყოველმხრივი შეთანხმების გარეშე დათბობის გამოწვევებისთვის სათანადო მომზადებას ვერ შევძლებთ.
XS
SM
MD
LG