შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები მიმდინარე კვირის მანძილზე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ, რომელიც მსოფლიოს ორ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად. მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები ყურადღებას სხვადასხვა სადავო საკითხს დაუთმობენ, ჩინეთის ფულადი ერთეულის ხელოვნურად დაბალი გაცვლითი კურსის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჩინეთთან მიმართებაში შეერთებული შტატების მზარდი სავაჭრო დეფიციტის ჩათვლით, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა.
შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სტრატეგიული და ეკონომიკური დიალოგის წლევანდელ შეხვედრებზე ამერიკელი და ჩინელი ოფიციალური პირების კეთილმეგობრული განწყობის მიღმა იგრძნობა ის, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ერთმანეთის უნდობლობა და შიში დაგროვდა.
მოლაპარაკებების დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა:
„ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთს მიაჩნია, რომ ჩინეთის პროგრესი შეერთებულ შტატებს საფრთხეს უქმნის. ხოლო ჩინეთში ზოგს ჰგონია, რომ ამერიკას ჩინეთის აღმავლობის შეკავება სურს. ჩვენ ამ შეხედულებებს ვუარყოფთ. ჩვენ ხომ თანამშრომლობისგან უფრო მეტს მოვიგებთ ვიდრე კონფლიქტისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ მდიდარი ამერიკა ჩინეთისთვის კარგია და მდიდარი ჩინეთი კი ამერიკისთვის.“
ამერიკელი მწარმოებლები უკვე დიდი ხნის მანძილზე აცხადებენ, რომ ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მაინც განპირობებულია იმით, რომ ჩინეთის ფულადი ერთეულის ხელოვნურად დაბალი გაცვლითი კურსი პეკინს საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, სწორედ ამ ფაქტორის გამო ჩინეთთან მიმართებაში შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც ამერიკაში ათასობით სამუშაო ადგილი გაუქმდა.
თუმცა პეკინი ამ ბრალდებას მტკიცედ უარყოფს. მოლაპარაკებების გახსნისას ჩინეთის ვიცე პრემიერმა უანგ ქიშანმა ორი ქვეყნის ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულებას ხაზი გაუსვა. მან აგრეთვე გააკეთა მინიშნება, რომ პეკინი შეერთებული შტატების ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„ ჩვენ მსოფლიო ეკონომიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი და რთულად გასაგები ცვლილებების მოწმენი გავხდით. ამ ცვლილებებს ბიძგს გლობალიზაციის პროცესი აძლევს. ამჟამად ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გლობალურ ეკონომიკურ რეცესიას ვუმკლავდებით და ეკონომიკური გამოცოცხლების შენარჩუნებას ვცდილობთ. ამ ძალისხმევის ფონზე, ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარება საერთო გამოწვევების წინაშე დგას, რაც თანამშრომლობის შესაძლებლობებს ბადებს,“ აღნიშნა ჩინეთის ვიცე პრემიერმა უანგ ქიშანმა.
ამერიკის ეროვნული დავალიანების ლომის წილი ჩინეთს ეკუთვნის და პეკინს სურს მიიღოს გარანტიები, რომ შეერთებულ შტატებში ქვეყნის 14 ტრილიონიანი დავალიანების ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებული პოლიტიკური დებატები ხსენებული აქტივების უსაფრთხოებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ტიმოთი გეითნერმა აღიარა, რომ ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმასათვის, რომ ამერიკის ფისკალური მდგომარეობა მოწესრიგდეს.
„შეერთებულ შტატებში მთავარ გამოწვევას სამომავლო ეკონომიკური ზრდის საფუძვლის განმტკიცება წარმოადგენს. ეს ძალისხმევა საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას, გამოგონებების ხელშეწყობასა და ინვესტიციების დაბანდებას მოითხოვს. პარალელურად ჩვენ გრძლევადიანი ფისკალური რეფორმები უნდა გავატაროთ რათა ჩვენ, როგორც ერმა, ჩვენი სახსრების ფარგლებში ვიარსებოთ,“ აღნიშნა ტიმოთი გეითნერმა.
ანალიტიკოსები ორდღიანი შეხვედრებისგან მნიშვნელოვან მიღწევებს არ ელიან. თუმცა ორივე მხარე აღიარებს, რომ ამგვარი დისკუსიების გამართვა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარების კონტექსტში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.