ევროპის ჩრდილო კავკასიური დიასპორა მეტწილად ასობით ათასი ადამიანის მუსლიმი თემებისგან შედგება, რომლებიც კონტინენტზეა მიმოფანტული. მათი ასობით წევრი, ახლო აღმოსავლეთში, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში საბრძოლველად წავიდა. იმ დროს, როცა მათი უმრავლესობა ტერორისტული დაჯგუფების საზარბაზნე ხორცად იქცა, ზოგიერთები „ისლამური სახელმწიფო“-ს იერარქიაში უმაღლეს თანამდებობებზე დაწინაურდნენ.
შეერთებული შტატების კონგრესის კვლევის სამსახურის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია: „ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბევრი ჩეჩენი მებრძოლი, იმის გამო, რომ 90-იან წლებში დაწყებულ მიმდინარე კონფლიქტში რუსეთს ეომებოდა, შედარებით გამოცდილი და ბრძოლისუნარიანია, ამის შედეგად ჩეჩენ მებრძოლებს ექსტრემისტულ ჯგუფებში მეტი ხელმძღვანელი როლის აღება შეუძლიათ.“
ევროპოლის, ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტოს მიხედვით, ევროკავშირის 5 ათასმა მოქალაქემ კონტინენტი სირიაში და ერაყში საბრძოლველად დატოვა.
იმ დროს, როცა სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მარწუხები თანდათან სუსტდება, ყოფილი მებრძოლების უკან დაბრუნება უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება. იმავდროულად ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-მ დასავლეთის სამიზნეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები გაახშირა. როგორც ბრიუსელში მომხდარმა თავდასხმებმა აჩვენა, ასეთი ოპერაციების ჩასატარებლად „ისლამური სახელმწიფო“ მეორე და მესამე თაობის იმიგრანტების გამოყენებას ირჩევს, რომლებიც, როგორც წესი, უკვე მოქალაქეები არიან.
ასეთი დახასიათება ევროკავშირის ჩრდილო კავკასიურ დიასპორას ესადაგება და როგორც ბოსტონის მარათონის ამფეთქებლებმა აჩვენეს, შეერთებულ შტატებს ასეთი თავდამსხმელების საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ გააჩნია.
ჩეჩნეთის ბრძოლის ველიდან სირიის ბრძოლის ველამდე
ნორვეგიის თავდაცვითი კვლევის დაწესებულების უფროსი მკვლევარი და წიგნის ავტორი, სათაურით „ევროპაში ისლამისტთა ტერორიზმი“, პიტერ ნესერი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“-ს მიერ დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ჩეჩნების სხვა ჩრდილო კავკასიელების რეკრუტირებას, რუსეთის მიმართ მათი უკმაყოფილება უწყობს ხელს.
”ბევრი მათგანი ისეთი ოჯახიდან არის, რომელსაც ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ტკივილი აქვს, რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნა აქვს განცდილი. ჯიჰადის რეკრუტერებს ევროპაში ამის გამოყენება შეუძლიათ, როცა მათ გამგზავრებაში არწმუნებენ. ზოგიერთი მათგანი სირიაში და ერაყში მოქმედ ჩეჩენ მუჯაჰედებს ხოტბას ასხამს.“
რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიის კოლონიზაციამ გადასახლებულთა ორი ცალკე ტალღა წარმოშვა. პირველ ტალღას ისინი შეადგენდნენ, რომლებიც რუსეთმა მე-19 საუკუნეში ამ რეგიონიდან ოტომანთა იმპერიაში მასობრივად გაასახლა. ამან ახლო აღმოსავლეთში დიასპორა წარმოშვა, რომელიც ამჟამად რამდენიმე მილიონს ითვლის. ამ „ძველი“ დიასპორის მემკვიდრეები მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილი სხვადასხვა მეამბოხე დაჯგუფებებში, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე ასადის რეჟიმს ებრძოდნენ.
ჩრდილოეთ კავკასიიდან, ძირითადად დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ბოლო ხანს გასულთა მეორე ტალღა, 1990-2000 წლებში ჩეჩნეთის ორმა ომმა და როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, კრემლის რეპრესიულმა პოლიტიკამ წარმოშვა.
ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაციის, ჯეიმსთაუნის ფონდის, პარიზში მყოფი ექსპერტის, მაირბეკ ვაჩაგაევის თანახმად, ბოლო ხანს ევროპაში ჩამოყალიბებული ჩეჩენთა თემები 200 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის.
ოფიციალური შეფასება იმის თაობაზე, თუ ევროკავშირის დიასპორიდან რამდენმა ჩრდილო კავკასიელმა დატოვა ევროპა, სირიასა და ერაყში მებრძოლ ჯიჰადისტთა ჯგუფებთან შესაერთებლად, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი“ იუწყება, რომ ევროპის ჩეჩნური დიასპორა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რეკრუტირების მთავარი კვანძია. ვაჩაგაევის შეფასებით, ყოველ ჩეჩენ მეთაურს, რომელიც ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“-სთვის, „ალ-ნუსრა ფრონტი“-სთვის ან სხვა ანტი-ასადური ჯგუფისთვის იბრძვის, სავსებით შესაძლებელია 250 ჩეჩენი მებრძოლი ჰყავდეს.
ვაჩაგაევმა „ამერიკის ხმა“-ს უთხრა, რომ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენთა პირველი ჯგუფი, რომელიც საბრძოლველად სირიაში წავიდა, განათლებული ადამიანებისგან შედგებოდა და ჯიჰადში ჩართვაზე „შეგნებული არჩევანი“ გააკეთეს.
მან თქვა: „ისინი არ იყვნენ გაუნათლებელი, ტვინგამორეცხილი, ღარიბი ახალგაზრდები. ისინი ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ, რომელთაგან ბევრის ინტელიგენციისადმი მიკუთვნება შეიძლებოდა.“
ნესერს სჯერა, რომ ჩეჩნეთის ომების დასრულებამ,მებრძოლების ახლო აღმოსავლეთში გადინებას შეუწყო ხელი. შინ ჩეჩენ ჯიჰადისტთა სუსტმა პოზიციებმა, სადმე სხვაგან ბრძოლა უფრო მომხიბვლელი გახადა, რამაც სირიაში მათი საერთო ყოფნის გაზრდა გამოიწვია.“
ალ-შიშანის მაგალითი
ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპიდან ჩამოსული ბევრი მებრძოლი სირიის ჩეჩენ ჯიჰადისტთა განშტოებებს შეუერთდა, როგორიცაა ჯეიშ ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარი.
ნესერი ამბობს, რომ „კონკრეტულად ჩეჩნები ასეთ განშტოებებს მოიძიებენ, რაც საზოგადო პრაქტიკას ეთანხმება, სადაც უცხოელი მებრძოლები საკუთარი ეროვნული და ენობრივი ოჯახების მიხედვით ერთიანდებიან.“
ჯეიშ ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარს ადრე აბუ ომარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) მეთაურობდა. ის საქართველოში დაბადებული ჩეჩენი იყო, რომელიც სირიაში წასვლამდე, 2008 წელს, რუსეთთან ხანმოკლე ომის დროს, საქართველოს ჯარში მსახურობდა. მოგვიანებით ის ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს უმაღლესი სამხედრო მეთაური გახდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ალ-შიშანი, რომლის მაგალითმაც სხვა ჩრდილო კავკასიელები სირიის ომში ჩასაბმელად წაახალისა, მარტის დასაწყისში, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ვაჩაგაევს არ სჯერა, რომ აბუ ომარ ალ-შიშანი მკვდარია.
„ალ-შიშანის საკუთარი ძმა, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა, საქართველოს პანკისის სოფელში მცხოვრებ მამას ხშირად ნახულობს, თარხანის სიკვდილის ამბავი მამამისს რომ გაეგო, ვალდებული იქნებოდა თანასოფლელებისთვის გლოვის შესახებ ეუწყებინა, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.“
ექსპერტები ამბობენ, რომ ალ-შიშანის სიკვდილი თუ დადასტურდება, მას ძალაუფლებისთვის ბრძოლის დაწყების გამოწვევა შეუძლია და ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს ჩეჩენ მებრძოლთა უმრავლესობა ამ დაჯგუფებას დაუპირისპირდება, თუ ის მეთაურად არა ჩეჩენს შეარჩევს.
იმ დროს, როცა ათასობით ჩრდილო კავკასიელი სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მხარდამხარ იბრძვის, ზოგიერთი გავლენიანი ჯგუფი ასადის მთავრობასაც ებრძვის და „ისლამურ სახელმწიფო“-საც.
ერთი ასეთი ჯგუფია, კავკასიის ემირატი სირიის შამში, მრავალეროვნული ჯგუფი, რომელშიც ბევრი ჩრდილო კავკასიელია და კავკასიის ემირატის ნარჩენებზე აღმოცენდა. კავკასიის ემირატი 2007 წელს რუსეთში გაჩნდა, მაგრამ უკვე 2012 წლისთვის რუსეთის უშიშროების სამსახურმა ის მეტწილად გაანადგურა.
რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ისლამისტური ტერორიზმის ექსპერტი ჯოანა პარაჩუკი ამბობს: „შამში კავკასიის ემირატს ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ სძულს, ისინი მტრები არიან და ერთმანეთს გააფთრებით ებრძვიან“. ის ამბობს, რომ ასეთი ჯგუფებისთვის რუსეთი მთავარ მტრად რჩება.
გაწბილებული დაბრუნებულები
ვაჩაგაევი ამბობს, რომ სირიაში საომრად წასულ, ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენთა უმრავლესობა იქ დაიღუპა, მაგრამ მათი მცირე რიცხვი დაბრუნდა „ღრმად იმედგაცრუებული იმ წინააღმდეგობით, რაც მათ იდეალისტურ შეხედულებებსა იმას შორის ნახა, რაც იქ სინამდვილეში ხდებოდა.“ დაბრუნებულები ანტი „ისლამური სახელმწიფო“-ს პროპაგანდის ყველაზე ეფექტურ აქტივისტებად იქცნენ. სირიაში მათი გამოცდილების შესახებ მონათხრობი, ჩეჩენთა მჭიდროდ შეკრულ თემებში სწრაფად ვრცელდება.
ვაჩაგაევმა თქვა: „დაბრუნებულების მონათხრობი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა იმისათვის, რომ ევროპელი ჩეჩნების „ისლამური სახელმწიფო“-სთვის რეკრუტირების ტალღა შემცირებულიყო. ზოგიერთი ჩეჩენი სირიაში ჯერ კიდევ მიდის, მაგრამ მათი რიცხვი ბევრად ნაკლებია.
ნესერი ამბობს, რომ „ის უცხოელი მებრძოლები, რომლებიც სირიიდან წამოსვლის შემდეგ საერთაშორისო ტერორიზმში გადადიან, მათი უნარების გამო განსაკუთრებით საშიშნი არიან. საკუთარი გამოცდილების და სტატუსის გამო, მათ დამქირავებლად და ქსელის შემქმნელად მოქმედებაც შეუძლიათ.“
ასეთი დაბრუნებული უცხოელი მებრძოლების მიერ წარმოქმნილ საფრთხეს ამ საფრთხეს ევროკავშირის ხელისუფლებმა სხვადასხვა ზომებით უპასუხეს, რაშიც მომატებული მონიტორინგი და თვალთვალიც შედის. ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დანერგა მგზავრთა სახელის ჩაწერის კანონმდებლობა, რომელიც ევროპარლამენტმა წამოაყენა და ავიახაზებს ავალდებულებს, ევროკავშირის ქვეყნებს მგზავრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ეს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, ავიამგზავრების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად თვალყური ადევნოს და შეაგროვოს. ევროკავშირის სხვა წევრები ამბობენ, რომ სისტემას ჯერ ისევ ცდიან.
ადამიანებს მეგობრების და ნათესავების სანახავად თურქეთში წასვლის ეშინიათ, რადგან ეს სირიისკენ მიმავალ ტრადიციულ მარშრუტად ითვლება.მაირბეკ ვაჩაგაევი
ვაჩაგაევი ამბობს, რომ ყველა ევროპელი ჩეჩენი უსაფრთხოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. „ადამიანებს მეგობრების და ნათესავების სანახავად თურქეთში წასვლის ეშინიათ, რადგან ეს სირიისკენ მიმავალ ტრადიციულ მარშრუტად ითვლება.“ მან ასევე თქვა რომ, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, სირიიდან ევროპაში დაბრუნებული არცერთი ჩეჩენი ხელისუფლებას არ გაქცევია, ყოველი მათგანი ან დაპატიმრებულია ან დაკავებულია.
სიუჟეტი მომზადებულია "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციის ჟურნალისტის ფატიმა ტლისოვას მიერ.