ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა მატულობს


კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა მატულობს
კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა მატულობს

განვითარებად ქვეყნებში კიბო კატასტროფული სისწრაფით ვრდელდება, მის წინააღმდეგ კი ამ მხრივ მსოფლიოში დახარჯული თანხის მხოლოდ 5% ნაწილდება.

სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ახლახან გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ღარიბ ქვეყნებში კიბოსგან გამოწვეულმა სიკვდილიანობამ საგრძნობლად იმატა. დაღუპული ადამიანების ნაწილის გადარჩენა საკმაოდ მცირე ფინანსური რესურსის გამოყენებით ადვილადაა შესაძლებელი. ექსპერტების აზრით, დადგა დრო, რომ განვითართებად ქვეყნებში კიბოს იგივე მეთოდებით ვებრძოლოთ, როგორც შიდსის ვირუსს ვებრძვით.

ჰულიო ფრენკი ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საერთაშორისო განვითარების ფაკულტეტის პროფესორია. მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებში არსებობს ცრუ წარმოდგენა იმისა, რომ კიბოს განკურნვა შეუძლებელია:

„ეს შეხედულება არ განსხვავდება 1990-იან წლებში შიდსთან მიმართებაში არსებული დამოკიდებულებისგან. მაშინაც კი, როცა შიდსის წინააღმდეგ უნივერსალური წამალი გამოვიგონეთ, საზოგადოება ამბობდა, რომ მკურნალობა შეუძლებელი ან ძალიან ძვირი და რთული იყო. ახლაც იგივე სკეპტიციზმს ვაწყდებით კიბოსთან მიმართებაში.“

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი შეხედულებები აღმოიფხვრას:

„შიდსის წინააღმდეგ ბრძოლამ კარგად დაგვანახა, რომ თუნდაც მწირი რესურსების შემთხვევაში, შესაძლებელია დიაგნოზის დასმა და ისეთი დაავადების კონტროლი, რომელსაც უდიდესი მსხვერპლის გამოწვევა შეუძლია.“

კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების 80 პროცენტი ღარიბ ქვეყნებზე მოდის. ამის მიზეზი კი ნაწილობრივ ის არის, რომ პრობლემისთვის თავის გასართმევად საკმარისი თანხები არ იხარჯება. განვითარებად ქვეყნებში მსოფლიოში კიბოს წინააღმდეგ მიმართული რესურსების მხოლოდ 5 პროცენტი იგზავნება.

დაფინანსების სიმწირე განსაკუთრებით ახლა შეიმჩნევა, როცა კიბოს გავრცელებამ საგრძნობლად იმატა.

ანგარიშის თანახმად 1970 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული კიბოს შემთხვევების 15 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდიოდა. 2008 წელს კი ეს მაჩვენებელი 56 პროცენტამდე გაიზარდა.

ფელისა კრაუსი ჰარვარდის უნივერსიტეტში გლობალური თანასწორობის ინიციატივის დირექტორი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ასოცირებული პროფესორია. მას თავად აქვს გადატანილი მკერდის კიბო, რომლისთვისაც მექსიკაში მკურნალობდა. პროფესორი კრაუსის თქმით, საკუთარი გამოცდილებდან იცის თუ რამდენად დიდია განხსვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიბოსთან დაკავშირებული მკურნალობის პროცესში:

„ქიმიურ თერაპიაზე უარესი ის არის, რომ მკურნალობა გჭირდება, მაგრამ ამისთვის ფული არ გაქვს, ან ბავშვების დატოვება არ შეგიძლია მკურნალობის განმავლობაში.“

ქალბატონი კრაუსის თქმით, მკურნალობა ბევრი სხვადასხვა კიბოს შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს. ამისთვის წამლები უკვე არსებობს. საჭიროა მხოლოდ მათი დაპატენტება და შეღავათიან ფასებში გაყიდვა:

"არის მთელი რიგი კიბოს სახეობებისა, რომლებიც მკურნალობის გრძელვადიან კურსს ექვემდებარება და შედარებით იაფი წამლებით კონტროლირდება. მაგალითად, მკერდის კიბოს წინააღმდეგ გამოიყებებული წამალი ტიმოქსიფენი. მას ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ამასთან ერთად, ძალიან ეფექტურია დაავადებული ადამინის სიცოცხლის გახანგრძლივების მხრივ, განსაკუთრებით თუ დიაგნოზის დასმა დაავადების ადრეულ სტადიაზე მოხდა.

ჰარვარდის მეცნიერი ამბობს, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიით, ან სხვადასხვა სახის ვაქცინაციებით კიბოს ბევრი შემთხვევის თავიდან აცილება ადვილად იქნება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG