ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სწორ კვებას შეუძლია სიმსივნე თავიდან აგვაცილოს


სწორ კვებას შეუძლია სიმსივნე თავიდან აგვაცილოს
სწორ კვებას შეუძლია სიმსივნე თავიდან აგვაცილოს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება ჰიუსტონში მდებარე ანდერსენის სიმსივნის ცენტრის კვლევით ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

დღითიდღე მრავლდება სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ცხოვრების წესის და კვების რეჟიმის მცირეოდენ შეცვლასაც კი ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია შეუძლია. სიგარეტის მოწევის უარყოფითი გავლენა უკვე დიდი ხნის დადასტურებულია. ყოველდღიური ვარჯიშის ნაკლებობის, სტრესული ცხოვრების თუ ჭარბცხიმიანი საკვების რისკ-ფაქტორებზე ჯერ კიდევ მრავალი საინტერესო აღმოჩენა კეთდება.

ერთერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება ჰიუსტონში მდებარე ანდერსენის სიმსივნის ცენტრის კვლევით ლაბორატორიაში მიმდინარეობს. ექიმი ბჰარატ აგარვალი სანელებლების სამედიცინო გამოყენებას იკვლევს, მათ შორის არის კურკუმიც, ფესვიდან მიღებული ყვითელი ფერის სანელებელი. ის ფართოდ მოიხმარება სამხრეთ აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ექიმ აგარვალის სამშობლო - ინდოეთში.

„ჩვენ მათ ყოველდღიურად ხორცის შესანახად ვიყენებდით. მათ ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ“.

კურკუმი სახელგანთქმული ინდური საწებელის ერთერთი მთავარი კომპონენტია. უახლესი გამოკვლევებით, სანელებელი ავთვისებიანი სიმსივნის დაპატარავებას იწვევს. ექიმი აგარვალი ამბობს, რომ ადრე სკეპტიკურად უყურებდა მსგავს კვლევებს და იმ მეცნიერებს, რომლებიც კურკუმის სიმსივნეზე დადებით ზემოქმედებას ამტკიცებდნენ. მაგრამ ახლა, ჩემი თვალით დავრწმუნდი, რომ ეს ასე არ არის, გვეუბნება ის.

„შარშან, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე კურკუმზე ათეულობით კლინიკური ექსპერიმენტი ჩატარდა. მათ დაადასტურეს, რომ მხოლოდ 100 მილიგრამი კურკუმი საკმარისია, რომ ადამიანში ანთების განმსაზღვრელი ყველა ბიომარკერი შემცირდეს“.

თუმცა, იგივე ექიმი აგარვალი იმასაც დასძენს, რომ არც კურკუმი და არცერთი სხვა საკვები პროდუქტი არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ავთვისებიან სიმსივნეს კურნავს. ის კვებაში ზომიერების და მრავალფეროვნების მომხრეა და არცერთი პროდუქტის ჭარბ გამოყენებას არ გვირჩევს. ექიმის თქმით, 800 ტიპის საკვებიდან რიგითი ამერიკელი მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 10-ს იყენებს. „ამ თამაშს კი მრავალფეროვნება ჰქვია“ - ამბობს ის.

ატლანტაში სახელგანთქმული მზარეული ჰანს რუფერტი ავთვისებიანი სიმსივნეებისადმი მიძღვნილი კონფერენციების ხშირი სტუმარია. მისი ცნობილი სალათები მსოფლიოს მრავალი სამზარეულოს ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს. რუფერტის თქმით, ნამდვილი კარგი მზარეული მუდმივად სწავლობს განსხვავებულ კულტურებს, მათ ეთნიკურ სამზარეულოებს და იქიდან მხოლოდ საუკეთესოს იღებს.

რუფერტი განსაკუთრებითაა დაინტერესებული ჯანსაღი კვების რეჟიმით, რადგან მას ავთვისებიანი სიმსივნის გამო კუჭი და საყლაპავის ნაწილი ამოკვეთილი აქვს.

„კარგად ვიცი რა არის რადიაციული და ქიმოთერაპია. ქირურგიული ოპერაციებიც გადატანილი მაქვს. და როცა მე თქვენს წინაშე ამ საკვები პროდუქტების სარგებელზე ვსაუბრობ, მე მხოლოდ წიგნში წაკითხულს არ გაცნობთ. მე ეს პირადად გამოვცადე, ამ ცხოვრებით ვიცხოვრე“.

ექიმი აგარვალი მეცნიერებს ურჩევს, კაცობრიობის ათასწლოვან გამოცდილებას უფრო მიაყურადონ და ხალხურ სიბრძნეებზე დაყრდნობით, მეტი ლაბორატორიული კვლევა აწარმოონ. კურკუმისნაირი სანელებლები ძალიან სასარგებლოა და რაც არცთუ ისე უმნიშვნელოა - ძალიან იაფიც, ამბობს ის.

XS
SM
MD
LG