ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბედისწერო მომენტები ავტოკრატების მმართველობაში


ავტოკრატები ეცემიან, როდესაც ხალხი მათ მიმართ შიშს კარგავს. ამის დრამატული ნიშნები, შესაძლოა, უბრალო დაცინვაშიც კი გამოჩნდეს. "ევროპის უკანასკნელ დიქტატორად" წოდებული ალექსანდრ ლუკაშენკო გასულ კვირას მინსკში, ქარხნის მუშებთან შესახევდრად მივიდა, იქიდან კი საპროტესტო შეძახილებით და გადადგომის მოთხოვნით გააცილეს.

"სანამ არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება", - უთხრა ლუკაშენკომ შეკრებილებს, თუმცა სცენის დატოვებისას, პასუხად გათამამებული მუშის შეძახილი "თავი მოიკალი" მიიღო. ბელარუსში ახლანდელ არეულობამდე, პრეზიდენტს ამის თქმას ვერავინ გაუბედავდა. ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში გამარტული არჩევნების შედეგების თანახმად, მოსახლეობის 80 %-ს თითქმის მეოთხედი საუკუნის მმართველობის შემდეგაც, პრეზიდენტის პოსტზე მისი ნახვა სურს.

ქარხანა, რომელშიც ტრაქტორების საბურავები მზადდება, საბჭოთა ტიპის, სახელმწიფოს მიერ მართული ინდუსტრიული საწარმოა, რომლის თანამშრომლებიც, სხვა მუშების მსგავსად, როგორც წესი, ლუკაშენკოს ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ქარხანაში ვიზიტიც, სწორედ ამ მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით მოეწყო, თუმცა - წარუმატებლად.

რეგიონის მკვლევარებს ქარხნის სცენამ, 32 წლის წინ, კიდევ ერთი ევროპელი ავტოკრატის, რუმინეთის კომუნისტი ლიდერის, ნიკოლაე ჩაუშესკუს დაცემა გაახსენა. მოსახლეობის განწყობის შესახებ მანაც არასწორი გათვლა გააკეთა. 1984 წელს ჩაუშესკუ ამბოხს ადვილად გადაურჩა, მაგრამ 1989 წლის დეკემბერში ანტისამთავრობო პროტესტს ვეღარაფერი მოუხერხა.

ბუქარესტის რევოლუციის მოედანზე 8-წუთიანი გამოსვლისას, მან დემონსტრანტებს "სოციალიზმის განადგურების მსურველი ფაშისტი აგიტატორები უწოდა". თუმცა შეძახილებმა და მის მიმართ შეკრებილების დამოკიდებულებამ მმართველს თითქოს ძალა გამოაცალა:

ნიკოლაე ჩაუშესკუ
ნიკოლაე ჩაუშესკუ

"სისუსტის ფატალურმა მომენტმა, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, მისი ბედი გადაწყვიტა", - წერს ისტორიკოსი ვიქტორ სებესტიანი წიგნში "რევოლუცია 1989: საბჭოთა იმპერიის დაცემა": "მის სახეზე აღბეჭდილი პანიკა მისი დასასრულის დასაწყისი იყო. როგორც მოგვიანებით, ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი ამბობდა, ჩანდა, რომ ლიდერი შეშინებული იყო და საკუთარი ძალაც სწორედ მაშინ გავაცნობიერეთ".

სავარაუდოდ, დამარცხების შემთხვევაშიც, ლუკაშენკოს ჩაუშესკუს მსგავსი ბედი და სიკვდილით დასჯა არ ემუქრება, და ეს უფრო მოსკოვში სწრაფი ფრენა იქნება, მაგრამ ისტორიამ ბევრს სწორედ ეს შედარება გაახსენა. მოსკოვში კი ის, დასავლელი დიპლომატების თქმით, უკრაინის განდევნილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავს ადგილს დაიკავებს.

"ჩატამ ჰაუზის" ანალიტიკოსი, კიერ ჯილსი ამბობს, რომ ეს სწორედ დამარცხების მომენტი შეიძლება იყოს, როდესაც რეალური მხარდაჭერის ნაწილიც ხელშესახებ პოლიტიკურ მიღწევებში ვერ გადაიზარდა და მან მალე შესაძლოა ჯერ კიდევ ლოიალური სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებიც დაკარგოს. თუმცა არსებობს რუსეთის ჩარევის შესახებ შიშიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკვე შეაფასა მოვლენები, როგორც "პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლა", ლუკაშენკო კი პროტესტს დასავლურ ჯგუფებს უკავშირებს და ნატოსგან სამხედრო საფრთხეზეც საუბრობს.

2007 წლის კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკელმა პოლიტიკის მეცნიერებმა ჯენიფერ განდიმ და ადამ პზევორსკიმ გამოაქვეყნეს, ავტორიტარი ლიდერების გადარჩენა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი. ისინი ან ამკაცრებენ რეპრესიებს, თუ ეს შეუძლიათ, ან საბაზისო, ძირეულ მხარდაჭერას ფასადური რეფორმებით ინარცუნებენ.

როგორც ქარხნის სცენიდან ჩანს, ლუკაშენკოს შესაძლოა არც ასეთმა ფიქციურმა რეფორმებმა უშველოს, მაშინაც კი, თუ სისუსტის გამოჩენა არ შეაჩერებს. რეპრესიების შეწყვეტის მიზეზი კი მას, დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, არ აქვს. ეს მის ძალაუფლებას მინიმუმამდე შეამცირებს, როგორც ფაქტობრივად, ისე - ხალხის თვალში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG