ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კითხვები ცარნაევების შესახებ


ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი კემბრიჯის მეჩეთში დადიოდა

ბოსტონში მარათონის დროს მომხდარ აფეთქებაში ბრალი ორ ჩეჩენ ძმას ედება. ისინი მასაჩუსეტის ქალაქ კემბრიჯში მდებარე მეჩეთში დადიოდნენ. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა. უფროსი ძმა დაკავების ოპერაციის დროს მოკლეს. უმცროსი კი მოგვიანებით შეიპყრეს. როგორ აფასებენ ამ ფაქტს ადგილობრივი მუსლიმები. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კაროლინ პრესუტი არკვევდა.
ცხრამეტი წლის ჯოხარ ცარნაევი დაჭრილია და ბოსტონის საავადმყოფოში იმყოფება. სამართალდამცავები უკვე იღებენ მისგან ჩვენებებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ელის. ჯოხარს ბრალად მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება ედება. უფროსი ძმა ტამერლანი კი აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. ის პარასკევს კემბრიჯის მეჩეთში ლოცვას დაესწრო. მეჩეთის სასულიერო პირები ამბობენ, რომ ორჯერ შეესწრნენ სცენას, როდესაც ტამერლანი მლოცველებთან ამერიკული დღესასწაულების - მადლიერების დღის და დამოუკიდებლობის დღის შესახებ კამათობდა. ბოლო ეპიზოდი კი მართინ ლუთერ კინგის დღეს დაემთხვა. ანვარ კაზმი მეჩეთის საბჭოს წევრია.
„მქადაგებელმა პარალელი გაავლო მარტინ ლუთერ კინგსა და მოციქულ მოჰამედს შორის, როდესაც ორივე ხალხს შთაგონებას აძლევდა. ამ ფაქტმა ტამერლანის გაღიზიანება გამოიწვია,“ - ყვება ანვარ კაზმი.
მეჩეთის წარმომადგენლების თქმით, ტამერლანმა მქადაგებელს „ურწმუნო“ უწოდა, რომელიც „ადამიანთა გონებას აბინძურებდა.“ მრევლმა მას ყვირილი დაუწყო, რის შემდეგაც ტამერლანმა მეჩეთი დატოვა. ასევე იუთუბზე დევს ტამერლანის შექმნილი ვიდეოები, რომელიც ჯიჰადური შინაარსისაა. ძმები ამერიკაში ჩამოსვლამდე რუსეთში, დაღესტანის რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ. მათი მშობლების სახლი დღესაც იქ არის. ამერიკის ოფიციალური პირების ცნობით, ტამერლანმა დაღესტანი გასულ წელს მოინახულა. დაღესტანში დღემდე მოქმედებენ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ისლამისტური სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ. მოსახლეობას რესპუბლიკაში არსებული ძალადობა აწუხებს. გალია სულემანანი ეჭვმიტანილების მამის მეზობელია.
„აქ სულ ხდება აფეთქება და დანაშაული. მე ცარნაევებს როგორც კარგ მეზობლებს ისე ვიცნობ. სხვა არაფერი ვიცი,“ - ამბობს სულემანანი.
ანვორი მუსლიმი აქტივისტია. მას უკვირს, რომ ძმებმა ცარნაევებმა აფეთქება ბოსტონში მოაწყეს და არა სამშობლოში. ის ამბობს, რომ რაც ბოსტონში მოხდა ამას გამართლება არ აქვს.
არსებობს მოსაზრება, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეცვალოს ტაქტიკა, რათა მომავალში ასეთი თავდასხმები თავიდან აირიდოს. რაიან მაურო იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც ტოლერანტობას უწყობს ხელს და რადიკალურ ისლამს უპირისპირდება.
„ჩვენ ძირითადი ყურადღება იდეოლოგიაზე უნდა გავამახვილოთ და არა ტაქტიკაზე და ვიდრე ჩვენ ვებრძვით იდეოლოგიას, მანამდე ისლამური ტერორიზმი არ შეწყდება,“ - ამბობს მაურო.
ქონდათ თუ არა ძმებ ცარნაევებს კავშირი უცხოეთში მოქმედ რადიკალურ ჯგუფებთან. ამერიკელი სამართალდამცავები ამის გარკვევას დღემდე ცდილობენ.
XS
SM
MD
LG