ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლტონი ამბობს, რომ ტრამპი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებდა


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ურთიერთობისას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყენებდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონი წერს.

გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ წერილში ბოლტონი ამბობს, რომ 2018 წელს ბუენოს-აირესში დიდი ოცეულის შეხვედრის დროს, ტრამპმა სის სთხოვა ჩინეთს ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეეძინა იმისთვის, რომ ტრამპს ქვეყნის შიგნით მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინა 2020 წლის არჩევნების წინ. სანაცვლოდ კი ჩინურ საქონელზე უფრო მისაღებ ტარიფებს დაპირდა.


ბოლტონი ასევე აცხადებს, რომ 2019 წლის 29 ივნისს, იაპონიაში დიდი ოცეულის შეხვედრაზე სიმ ტრამპს უთხრა, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა იყო მსოფლიოში.

ბოლტონის სიტყვებით, „გასაოცარია ის, რომ საუბარი შეერთებულ შტატებში მომავალი არჩევნების თემაში გადაიზარდა,“ რომლის დროსაც ტრამპმა სის სთხოვა, არჩევნებში მისი გამარჯვების უზრუნველყოფა მოეხდინა.

ტრამპსა და სის შორის ურთიერთობა ასევე აღწერილია ბოლტონის 592 გვერდიან წიგნში, სათაურით, „ოთახი სადაც ეს მოხდა: თეთრი სახლის მემუარი.“ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“ წიგნის ასლები მოიპოვეს.

წიგნი გაყიდვაში მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, ეს მოხდება თუ არა. მისი გამოქვეყნება ლეგალურ საქმეს უკავშირდება. იუსტიციის დეპარტამენტმა საგანგებო ბრძანება გამოსცა, რომელიც ბოლტონის წიგნის გამოცემის დაბლოკვას ცდილობს, ერთი დღით ადრე კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა წიგნის გაყიდვაში შესვლის შესაჩერებლად. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოლტონი, წიგნის გამოქვეყნებით, ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.


ოთხშაბათ საღამოს ტელეკომპანია „ფოქსთან“ საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ ბოლტონმა „საიდუმლო ინფორმაციის“ გამჟღავნებით, „კანონი დაარღვია.“

„ეს ჩემთვის ძალიან ძლიერი კრიმინალური პრობლემაა,“ თქვა ტრამპმა. „მან იცის, რომ აქვს საიდუმლო ინფორმაცია. ნებისმიერი საუბარი ჩემთან საიდუმლო ინფორმაციაა, მაგრამ [ვითარება] კიდევ უფრო უარესდება, თუ ის ამ საუბარზე იტყუება.“

ტრამპი და გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებენ, რომ ბოლტონმა არ გაიარა თეთრი სახლის შემოწმების პროცესი, რომელიც ყველა გამოქვეყნებულმა ნაშრომმა უნდა გაიაროს. ბოლტონის ადვოკატი ამბობს, რომ წიგნი საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავს და რომ მან შემოწმების უკვე პროცესი გაიარა, რომელიც აპრილში დამთავრდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG