ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი პალესტინელთა ლიდერს შეხვდა


ენტონი ბლინკენის და მაჰმუდ აბასის შეხვედრა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. 10 იანვარი, 2024 წ.
ენტონი ბლინკენის და მაჰმუდ აბასის შეხვედრა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. 10 იანვარი, 2024 წ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 10 იანვარს პალესტინელთა პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. მათი შეხვედრა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ გაიმართა, რაც ბლინკენმა ისრაელის ლიდერებთან პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზებზე ისაუბრა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პალესტინელთა დე-ფაქტო დედაქალაქ რამალაში ჩასასვლელად და აბასთან შესახვედრად ოთხშაბათს ისრაელის საგუშაგოები გადაკვეთა. ეს ინფორმაცია დღეს იმ ჟურნალისტებმა გაავრცელეს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტებისას ამერიკის პირველ დიპლომატს ახლდნენ თან.

ბლინკენის ვიზიტს ერთი დღით ადრე უძღოდა წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მისი კაბინეტის წევრებთან გამართული შეხვედრები. მათ ისაუბრეს ისრაელის ომზე "ჰამასის" წინააღმდეგ, რეგიონულ დაძაბულობაზე და ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის მომავალზე.

აბასთან შეხვედრამდე, ბლინკენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პალესტინელთა ლიდერთან აპირებდა განეხილა ვაშინგტონის ხედვა ომის შემდგომი ღაზის ცხოვრებაში, სექტორის მმართველობის გაუმჯობესებისა და მისი რეფორმირების გზები. პალესტინელთა მთავრობა, რომელიც შეზღუდული თვითმმართველობით სარგებლობს ღაზაში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონში, პალესტინელთა ერთიანი მართვის სისტემის ერთ-ერთ საუკეთესო იმედად რჩება.

ისრაელში ჩასვლამდე ბლინკენი ვაშინგტონის არაბ მოკავშირეებს შეხვდა, რომლებსაც, მისი თქმით, სურთ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ისრაელთან. მაგრამ, გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ეს მოიცავს "პრაქტიკულ გზას" პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ.

შეერთებული შტატების შუამავლობით, ისრაელთან პალესტინის სახელმწიფოზე გამართული მოლაპარაკებები, დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით ათი წლის წინ ჩაიშალა. დღეს ისრაელის მმართველი კოალიციის მემარჯვენე ლიდერები პალესტინის სახელმწიფოებრიობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თავი აარიდა კითხვას, თუ როგორ უპასუხეს ნეთანიაჰუმ და ისრაელის კაბინეტის წევრებმა მის მიმართვას პალესტინის სახელმწიფოს შესახებ. ბლინკენის თქმით, ისრაელს მოუწევს "რთული გადაწყვეტილებების მიღება და რთული არჩევანის გაკეთება", რათა ისარგებლოს რეგიონული ინტეგრაციის შემოთავაზებული შესაძლებლობით.

”ექსტრემისტ ახალმოსახლეთა დაუსჯელი ძალადობა, დასახლებების გაფართოება, დანგრევა, გამოსახლება, ეს ყოველივე ართულებს და არ აადვილებს ისრაელისთვის გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას”, - თქვა პრესკონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე საუბრისას.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG