სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ღაზაში წარმოებული ომის ფარგლებში ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს და ამ ბრალდებით გრძელვადიან საერთაშორისო სასამართლო პროცესს იწყებს. საერთაშორისო სასამართლო მომავალ კვირას სარჩელის განხილვისთვის ემზადება.
ისრაელი ბრალდებას „ცილისწამებას“ უწოდებს, თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ ის „უსაფუძვლოა“.
ღაზაში ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 22 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მონაცემებს და აღნიშნავდნენ, რომ სამინისტროს ჰამასი მართავს, რომლის შეიარაღებულმა ფლანგმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა და 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა.
ჰამასი, რომელსაც ამერიკა და მისი ზოგიერთი მოკავშირე ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, საკუთარ მთავარ მიზნად ებრაელების დახოვცას და ებრაული სახელმწიფოს განადგურებას ასახელებს.