ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და ევროკავშირის წამყვანი დიპლომატები შეხვედრას მართავენ


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, ევროკომისარი ენერგო საკითხებში, კადრი სიმსონი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი შეხვდრას მართავენ. შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხთა შორის ენერგო-უსაფრთხოება და უკრაინის საზღვარზე შექმნილი კრიზისია.

ევროკავშირის და ამერიკის წამყვანი დიპლომატების შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოსკოვში ვიზიტის ფონზე იმართება.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარზე შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი დიპლომატია არის.

„ჩვენ რუსეთთან რთულ დიპლომატიურ კრიზისში ვართ. რუსეთი არ ერიდება ევროპისთვის ენერგო რესურსების მიწოდების გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ენერგო-ფასები იზრდება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დე-ესკალაციისკენ და ვიყენებთ, ძირითადად, დიპლომატიურ მცდელობას, რათა დავარწმუნოთ რუსეთი აირჩიოს დიალოგის გზა“, - განაცხადა ბორელმა.

ენერგო-უსაფრთხოების საკითხს მხარეები იმ ფონზე განიხილავენ, როცა ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ხელოვნურად ზღუდავენ გაზის მიწოდებას, რაც ევროპაში ფასების მატებას იწვევს.

„მსგავსი მომენტი აჩვენებს, თუ რატომაა ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოებისთვის. სწორედ მაშინ, როცა ევროპას სტაბილური ენერგო-მიწოდება სჭირდება გამოსაზამთრებლად, რუსეთი ცდილობს ენერგო-გავლენის გაზრდას... პრეზიდენტმა [ჯო] ბაიდენმა დადო პირობა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპის ენერგო-მიწოდებას შეფერხებები არ ქონდეს და ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ“, - განაცხადა ბლინკენმა.

ბრიუსელი უკანასკნელ პერიოდში, კრიტიკის ქვეშ მოექცა, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის კრიზისის მიმართ არა-ერთიანი მიდგომის გამო.

გერმანია უარს აცხადებს მიაწოდოს უკრაინას მის მიერ წარმოებული შეიარაღება და ასეთი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც უკრძალავს. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთში გამგზავრებამდე​ გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკეს, სადაც ის რუსეთის ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობაზე საუბრობდა.

რუსული ჯარი უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში მობილიზებას აგრძელებს. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ მოსკოვი სამხედრო ესკალაციისთვის ემზადება, თუმცა კრემლი ამას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG