ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა, თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის უმძიმესი იყო გუშინდელი ღამის კადრების ხილვა.
"სამწუხაროდ საქართველოში კვლავ მეორდება 90-იანი წლების მოვლენები. ძმათა სისხლის ღვრა! ეს დაუშვებელია. პოლიციას უფრო მეტი მოეკითხება. დღეს სამღვდელოება სიძულვილისკენ და დაპირისპირებისკენ კი არა, მშვიდობისკენ უნდა მოუწოდებდეს საზოგადოებას. მე თქვენს გვერდით ვარ, გამოხატეთ პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი. ქრისტეს სახელით სპეკულირება ხდება, ამას ნუ აყვებით ეს დაუშვებელია,"- ამბობს მეუფე საბა ვიდეო მიმართვაში.
აქვე, მეუფე საბა ამბობს, რომ ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს სტუდენტების აქციას. ეპისკოპოსისთვის დაუშვებელია ძალადობა ქრისტეს სახელით. აქვე ის აღნიშნავს, რომ პროსტესტი არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში.
"ვიცი, რთულია ამ ყველაფრის მოთმენა, რთულია მოითმინო, როდესაც გაფურთხებენ, გაგინებენ, შეურაცჰყოფას გაყენებენ, მაგრამ ეს უნდა მოვახერხოთ. ეს არ არის გზა რომელიც ჩვენ გვჭირდება. მოვიქცეთ ისე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება, ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება არჩევნებით, ეს უნდა ვისწავლოთ და მივბაძოთ მათ. არ ღირს არცერთი ხელისუფლების ცვლილება თუნდაც ერთი ადამიანის სისხლის ფასად,"- ამბობს მეუფე საბა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მოღალატეებად მიიჩნევს იმ ადამიანებს, რომლებმაც დაუშვეს რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა. მეუფე საბა ინწკირველი ამბობს, რომ ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს ქვეყნის და ხალხის წინაშე.
"რუსეთის მონობაში საქართველო არ უნდა დავუშვათ, ვიცი არ დაუშვებს არცერთი ქართველი ამას. ჩვენც დავიხოცებით ისე როგორც 9 აპრილს, არასდროს დავუშვებთ საქართველოს მონობაში დაბრუნებას,"- აცხადებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ხელმძღვანელი.
სრული ვიდეო
Facebook Forum