ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ყურადღებას კვლავ ვაქცინაციის აუცილებლობაზე ამახვილებს


მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო მიეღწია დასახული მიზნისთვის და ამერიკელების 70% კორონავირუსზე დამოუკიდებლობის დღემდე აეცრა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისევ გააგრძელა ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი. ბაიდენის ადმინისტრაციამ 4 ივლისამდე კოვიდ-19-ის ვაქცინის თითო დოზით ამერიკელთა 67%-ის აცრა შეძლო. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ორივე დოზით აცრილია ზრდასრულ მოქალაქეთა 47%.

ვაქცინაცია კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელების ფონზე, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. ბაიდენი დღეს აპირებს დაესწროს თეთრი სახლის პანდემიასთან მებრძოლი საგანგებო ჯგუფის შეხვედრას და დელტა ვარიანტთან დაკავშირებით, თავისი შეშფოთება გაუზიაროს.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო წვეულებაზე ჯო ბაიდენმა მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად, თეთრ სახლში 1 000-მდე საგანგებო სამსახურების მუშაკს უმასპინძლა. "ჩვენ მოგზაურობა განვაახლეთ, ერთმანეთთან შეხვედრა ისევ დავიწყეთ. ბიზნესები კვლავ იხსნება და მუშახელს ქირაობს... დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგვიძლია თავდაჯერებით ვთქვათ, რომ ამერიკა აღდგენას იწყებს" - უთხრა პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეკრებილ სტუმრებს.

თუმცა, ბაიდენმა სტუმრები იქვე გააფრთხილა, რომ ბრძოლა ვირუსთან, რომელმაც დაახლოებით 600 000 ამერიკელი შეიწირა, ჯერ არ დასრულებულა. "ცუდად არ გამიგოთ, კოვიდ-19 არ გამქრალა... ყველამ ვიცით, რომ ძლიერი ვარიანტები გამოჩნდა. თუმცა, მათ წინააღმდეგ ყველაზე კარგი თავდაცვა ვაქცინაციაა". პრეზიდენტის თქმით, ახლა "ყველაზე პატრიოტული საქციელი" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაა.

ამერიკის შტატებს შორის ვაქცინაციის მონაცემებში მკვეთრი კონტრასტებია. მაგალითად, ჩრდილო-აღმოსავლეთში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე სრულადაა აცრილი. განსხვავებული ვითარებაა სამხრეთ შტატებში. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ალაბამაში, არკანზასში, ლუიზიანაში და მისისიპიში, ზრდასრული მოსახლეობის 35%-ზე ნაკლებია სრულად აცრილი.

პოლიტიკური დაპირისპირებები ვაქცინაციაზეც აისახება. "ვაშინგტონ პოსტის" და "ეი-ბი-სის" ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელთა მხოლოდ 45%-ს აქვს მიღებული ვაქცინის პირველი დოზა.

ექიმი ენტონი ფაუჩი, თეთრი სახლის მრჩეველი და ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ამბობს, რომ "პანდემიის გამო საქმე გვაქვს ისტორიულ ვითარებასთან". მაგრამ, საბედნიეროდ, მასთან "საბრძოლველი იარაღიც გაგვაჩნია" - უთხრა ფაუჩიმ ტელეკომპანია "ენ-ბი-სის" და მაყურებლებს ასე მიმართა: "ღვთის გულისათვის, გვერდზე გადადეთ ეს განსხვავებული მოსაზრებები და გააცნობიერეთ, რომ ვირუსის სახით, ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ვირუსის წინააღმდეგ კი იარაღი გაგვაჩნია, მაღალი ეფექტურობის მქონე იარაღი". ექიმ ფაუჩის თქმით, ამერიკაში კოვიდ-19-ის გართულებებით ბოლო პერიოდში გარდაცვლილთა 99% აცრილი არ იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG