სამშაბათს, პრეზიდენტად სავარაუდოდ არჩეულმა ჯო ბაიდენმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დარტყმით დასუსტებული ეკონომიკის წინაშე დგას, პირობა დადო, რომ როდესაც 20 იანვარს თეთრ სახლში შევა, ააშენებს “ახალ ამერიკულ ეკონომიკას, რომელიც ყველა ამერიკელისთვის იმუშავებს”.
დელავერის შტატის თავის მშობლიურ ქალაქ ვილმინგტონში, საკვანძო ეკონომიკური მრჩევლების წარდგენისას, რომელთა შორის იყო ფედერალური რეზერვის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი - ხაზინის დეპარტამენტის მდივნობის მისი კანდიდატი - ბაიდენმა თქვა: “ვიცი, რომ მძიმე დროა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ დახმარება მოდის”.
ბაიდენმა დაჟინებით მოუწოდა კონგრესს, სადაც კორონავირუსის გამო მუშაკების და ბიზნესებისთვის დახმარების შესახებ მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში ჩიხშია შესული, “დახმარების მყარი პაკეტი მიიღონ” დეკემბერში, სანამ ახლად არჩეული კანონმდებლები იანვარში თანამდებობებს დაიკავებენ.
ამასთან, მან აღიარა, რომ ნებისმიერი ახალი დახმარება “სავარაუდოდ - საუკეთესო შემთხვევაში - მხოლოდ დასაწყისი იქნება” და პირობა დადო, რომ ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის დაწყებასთან ერთად, ახალ ხარჯვით წინადადებებს წარმოადგენს.
ბაიდენმა ეკონომიკური გუნდის წევრები ორშაბათს დაასახელა, მაგრამ ყოველი მათგანი ინდივიდუალურად წარმოადგინა.
იელენთან ერთად ბაიდენმა მენეჯმენტის და ბიუჯეტის სამთავრობო ოფისის დირექტორად დაასახელა ნირა ტანდენი, ამჟამად ვაშინგტონის საჯარო პოლიტიკის კვლევის და ადვოკატირების ლიბერალური ჯგუფის, “ამერიკული პროგრესის ცენტრის” პრეზიდენტი. დამტკიცების შემთხვევაში ტანდენი იქნება პირველი ფერადკანიანი ქალი და პირველი სამხრეთ აზიელი ამერიკელი, რომელიც სააგენტოს ჩაუდგება სათავეში. ზოგიერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მისი კანდიდატურა არ მოიწონა და თქვეს, რომ ტანდენი დემოკრატების აქტივისტი იყო, რომელიც წარსულში მათ ხშირად თავს ესხმოდა.
ბაიდენმა იელენის მოადგილედ ასევე დაასახელა ეკონომიკური პოლიტიკის სტაჟიანი ოფიციალური პირი ადვეილ ადეიომო, პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც ხაზინის დეპარტამენტში მეორე ადგილს დაიკავებს.
ბაიდენმა თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ შეარჩია შრომის ეკონომისტი სესილია რუზი - პრინსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი და საერთაშორისო საქმეების სკოლის დეკანი. ის შეიძლება გახდეს პირველი შავკანიანი და მეოთხე ქალი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.
ეკომომიკური საბჭოს წევრებად ბაიდენმა კიდევ ორი ეკონომისტი, ჯარედ ბერნსტაინი და ჰედერ ბაუში დაასახელა.
Facebook Forum