ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი ბიუჯეტის პროექტს კონგრესს გაუგზავნის


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კონგრესს მის პირველ ბიუჯეტის პროექტს გაუგზავნის. ბიუჯეტით ცხადად გამოჩნდება დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრიორიტეტები, რომლებიც დრამატულად განსხვავებული იქნება მისი წინამორბედის ინიციატივებისგან.

შეთავაზებული ბიუჯეტის პროექტი, სავარაუდოდ, ისეთ სფეროებში შეეცდება გამოწვევების გადალახვას, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, იმიგრაცია და კლიმატური ცვლილებები.

თეთრმა სახლმა ბიუჯეტის პროექტის ტექსტის გამოქვეყნება დააგვიანა. ამის მიზეზად ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მიერ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ბაიდენის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას ასახელებს. თეთრი სახლი უარყოფს იმას, რომ დაყოვნება გუნდის შიგნით არსებულმა დაპირისპირებულმა ინტერესებმა გამოიწვია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, შეიარაღებული ძალების დაფინანსება.

ადმინისტრაცია თავდაცვის დეპარტამენტისთვის, სავარაუდოდ, 715 მილიარდ დოლარს მოითხოვს. ლიბერალები თავდაცვაზე დანახარჯების შეკვეცას ითხოვენ, დემოკრატების მეორე ნაწილი კი დაფინანსების შემცირებას ეწინააღმდეგება. ეს შუალედური თანხა იქნება, რომელიც პენტაგონის ბიუჯეტს ამცირებს, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც ამას ლიბერალური ფრთა ითხოვდა.

თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისს მედიასთან ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

საბოლოო ჯამში, ბიუჯეტს წარმომადგენელთა პალატა და კონგრესი დაამტკიცებს. დემოკრატებს ორივე პალატაში უმრავლესობა აქვთ.

ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და ამერიკის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა იარაღის კონტროლის რამდენიმე ინიციატივა გამოაცხადეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ეს ინიციატივები პირველი ნაბიჯია ქვეყანაში მასობრივი მკვლელობის და თვითმკვლელობების შესამცირებლად.

ახალი ზომების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტი მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს თვითნაკეთი იარაღის მოხმარებიდან ამოსაღებად. ასევე აიკრძალება იმ მექანიზმების გამოყენება, რომლებიც პისტოლეტების შაშხანებად გადაკეთების საშუალებას იძლევა. იარაღის კონტროლის ზომებს კონგრესი მომავალი კვირების განმავლობაში განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG