„ვინაიდან არჩევნები წელს ევროპის ბევრ ქვეყანაში ტარდება, რუსეთისგან დემოკრატიულ პროცესებში შემდგომი ჩარევის მცდელობებს უნდა ველოდოთ. ეს კიდევ მოხდება, პირობას გაძლევთ“ - განაცხადა დღეს შვეიცარიის ქალაქ დავოსში შეკრებილებთან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოები დარწმუნებული არიან იმაში, რომ ამერიკაში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლმა გავლენის მოხდენა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ სცადა, თქვა ჯო ბაიდენმა. მოსკოვი ბრალდებას დაბეჯითებით უარყოფს.
ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან „მეზობლების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზეც“ ისაუბრა. ბაიდენის თქმით, რუსეთი მუშაობს იმაზე, რომ მსოფლიოს „ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი“ ზესახელმწიფოების მიერ კონტროლირებულ წესრიგად გადააქციოს, სადაც გავლენის სფეროები იქნება გადანაწილებული.