ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 კვირა რჩება. ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი ეროვნულ გამოითხვებში კვლავ ლიდერობს. თუმცა ამავე გამოკითხვების თანახმად, მნიშვნელოვან, გადამწყვეტ შტატებში რეიტინგები ძალიან მსგავსია და განსხვავება მცირეა. ლიდერის გამოვლენა ამ ეტაპზე ძნელია.
ბაიდენი, რომელიც 36 წლის განმავლობაში ამერიკის სენატორი, შემდეგ კი 8 წლის განმავლობაში ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი იყო, მოქმედ პრეზიდენტს სხვადასხვა შტატში 8-10 პროცენტით უსწრებს. ბოლო პერიოდის გამოკითხვებში კი ეს უპირატესობა დაახლოებით 6.2 %-მდე შემცირდა. ბაიდენი ძალიან მცირე განსხვავებით ლიდერობს ისეთ მნიშვნელოვან შტატებში, როგორებიცაა პენსილვანია, მიჩიგანი და ვისკონსინი. ეს შტატები, როგორც წესი, დემოკრატებს უჭერს მხარს, თუმცა 2016 წელს დონალდ ტრამპმა იქ სწორედ მცირე განსხვავებით გაიმარჯვა.
შეერთებულ შტატებში ამერიკის პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. პრეზიდენტობის კანდიდატს საყოველთაო კენჭისყრის შემდეგ, ხმას შტატის საარჩევნო კოლეგიის დელეგატები აძლევენ. თითოეულ შტატს კოლეგიაში მოსახლეობის შესაბამისი რაოდენობის დელეგატები ჰყავს.
პრეზიდენტობის კანდიდატმა 538 დელეგატიდან სულ მცირე 270 დელეგატის ხმა უნდა მოიპოვოს იმისთვის, რომ ოვალური ოფისი მომდევნო 4 წლით დაიკავოს. ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე შტატებს შორისაა კალიფორნია - 55 დელეგატით, სადაც მეტწილად დემოკრატებს უჭერენ მხარს და უფრო რესპუბლიკურად განწყობილი ტეხასი - 38 დელეგატით. ამ შტატებს არჩევნებში განსაკუთრებული მნიშვნელოვა აქვს.
თუკი ბაიდენი პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში მოიგებს, სხვა შტატები კი ხმას ისევე მისცემენ, როგორც 2016 წლის არჩევნებში, დემოკრატი კანდიდატი პრეზიდენტი გახდება. მართლია ამ სამ შტატში ბაიდენი გამოკითხვებში ლიდერობს, მაგრამ მხოლოდ მცირე უპირატესობით. პენსილვანიაში - 4.7 %-ით, 2.6 - მიჩიგანში, 3.5 %-ით ვისკონსინში.
Facebook Forum