ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ე.წ. "აჩრდილი იარაღის" წინააღმდეგ ახალი წესი წარმოადგინა


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა ახალი წესი, რომელიც ე.წ. „აჩრდილი იარაღის“ შეზღუდვას და მიუკვლეველი ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს იმ ფონზე, როცა ადმინისტრაცია მზარდი წნეხის ქვეშაა, რომ შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილის და ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მტკიცე ზომები მიიღოს.

„აჩრდილი იარაღი“ კერძო პირების მიერ დამზადებული იარაღია, რომელსაც სერიული ნომრის დამღა არ აქვს და დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენების შემთხვევაში, სამართალდამცავებისთვის მისი მიკვლევა რთულია.

იუსტიციის დეპარტამენტის ახალი წესი, რომელსაც ფედერალური რეგულაციების პროცესის გასავლელად თითქმის ერთი წელიწადი დასჭირდა, ბიზნესებისთვის უკანონოდ აქცევს იარაღის ასაწყობი ისეთი კომპლექტების დამზადებას, რომელსაც სერიული ნომერი არ აქვს, იარაღის ლიცენზირებული გამყიდველებისთვის კი მყიდველის პირადი მონაცემების/ისტორიის შემოწმების გარეშე ასეთი იარაღის გაყიდვა უკანონო იქნება.

2021 წელს, ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მასალების ბიუროს (ATF) მონაცემებით, სამართალდამცავების მიერ დანაშაულების გამოძიების პროცესში, დაახლოებით 20 ათასი საეჭვო „აჩრდილი იარაღი“ ამოიღეს. თეთრი სახლის მიერ გაზიარებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ეს 2016 წლიდან ათმაგ ზრდას აჩვენებს.

XS
SM
MD
LG