77 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიელი კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი. გავრცელებული ინფორმაციით, მას კიბო ჰქონდა. ბერტოლუჩი რომში, თავის სახლში გარდაიცვალა.
ფილმისთვის "უკანასკნელი იმპერატორი" ბერტოლუჩიმ ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო - "ოსკარი" მოიპოვა და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი და ერთადერთი იტალიელი, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის პრიზი აიღო. კინემატოგრაფიის ეს შედევრი ოსკარების სხვადასხვა კატეგორიაში 9 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ცხრავე მოიგო. 2011 წლის კანის ფესტივალზე ბერტოლუჩიმ "ოქროს პალმის რტო" კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის აიღო.
ბერნარდო ბერტოლუჩი ასევე ცნობილია ფილმებით: "კონფორმისტი", „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცნებენი“, „ალყა“ და ბევრი სხვა. თუმცა, ყველაზე უფრო მას მაყურებლები მაინც 1972 წელს გამოსული სკანდალური ფილმით "უკანასკნელი ტანგო პარიზში" იცნობენ, რომელშიც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო და მარი შნაიდერი ასრულებენ.
ფილმის გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა და მას ბევრი წინააღმდეგობრივი შეფასება მოჰყვა. ფილმზე დღემდე ბევრი იწერება. "უკანასკნელი ტანგო პარიზში" ასაკოვანი კაცის და ახალგაზრდა ქალის ურთიერთობაზეა აგებული, რომელთაც პარიზში აქვთ რომანი.
ფილმის დებიუტიდან ათეული წლების შემდეგ, მარი შნაიდერმა თქვა, რომ მისი გმირის გაუპატიურების სცენა მასთან შეთანხმებული არ იყო. ამასთან დაკავშირებით, ბერტოლუჩიმ სინანული პრემიერიდან მხოლოდ 44 წლის შემდეგ გამოთქვა და 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარი შნაიდერთან თავს დამნაშავედ გრძნობდა.
Facebook Forum