ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სოულის დედოფალმა" ჯაზი დატოვა


76 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზის ლეგენდარული შემსრულებელი, "სოულის დედოფლად" წოდებული არეტა ფრანკლინი. მან ბოლო დღეები მშობლიურ ქალაქ დეტროიტში გაატარა, სადაც კიბოს ებრძოდა.

არეტა მართალია ტენესის შტატის ქალაქ მემფისში დაიბადა, მაგრამ ბავშვობა და ახალგაზრდობა მიჩიგანში, დეტროიტში გაატარა და მას მშობლიურ ქალაქად თვლიდა. არეტას მამა ცნობილი მოძღვარი იყო, პიანინოზე უკრავდა და ადგილობრივ ტაძრებში საეკლესიო სიმღერებს ხშირად ასრულებდა.

ნიჭიერი ახალგაზრდა 18 წლიდან პოპის და ჯაზის კომპოზიციებს მღეროდა. პოპულარობა 1967 წელს ეწვია, როცა მისი სიმღერები "ატლანტიკ რეკორდსმა" გამოუშვა. არეტა ფრანკლინის წამყვან ჰიტებს შორის ასახელებენ სიმღერებს: Chain of Fools, A Natural Woman და Respect. ეს უკანასკნელი ბილბორდებში ნომერ პირველ ჰიტად გადიოდა.

1987 წელს არეტა პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელიც როკ-ენდ-როლის დიდების დარბაზის საპატიო წევრთა შორის დაასახელეს. ის ამერიკის პრეზიდენტის მედლითაც არის დაჯილდოებული. არეტა ფრანკლინის სიმღერები მაყურებელს და მსმენელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ცნობილი მხატვრული ფილმიდან "ძმები ბლუზები".

"მოდით, დიდი მადლობა ვუთხრათ არეტა ფრანკლინის ლამაზ სიცოცხლეს, ჩვენი სულების დედოფალს, რომელიც ყველას მრავალი წლის მანძილზე შთაგვაგონებდა" - დაწერა დღეს "ტვიტერზე" პოლ მაკარტნიმ. "მუსიკა გულიდან, სულიდან და ეკლესიიდან. მისი ხმა იყო უნიკალური, პიანინოზე დაკვრა კი დაუფასებელი. ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პიანისტი გახლდათ" - ეს კი ელტონ ჯონის სიტყვებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG