ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა დემოკრატიისთვის - ბელარუსი გზაგასაყარზე


9 აგვისტოს 1 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წელია მართავს, არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ოპოზიცია, უფლებადამცველები და დასავლური სახელმწიფოები არჩევნებს და მის ოფიციალურ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მმართველ რეჟიმს ოპოზიციასთან მოლაპარაკებისკენ და ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. რეჟიმი კი რეპრესიებს განაგრძობს: 500-მდე პოლიტიკური პატიმარი ციხეში რჩება, ჩხრეკენ მედიაორგანიზაციებს, აკავებენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. რამდენიმე თვის წინ მინსკმა საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს ქვეყანაში დაშვებაც კი აიძულა, რათა მის ბორტზე მყოფი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი დაეკავებინათ.

ევროკავშირის სანქციების ოთხი რაუნდი, დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი არაღიარებულ ლიდერზე და მზარდი რეპრესიები - ასეთია ახლა ბელარუსის რეალობა.

სვიატლანა ციხანუსკაია, დაკავებული ბლოგერისა და პოლიტიკოსის, სერჰი ციხანუსკის ცოლი, რომელმაც არჩევნებში კენჭი მეუღლის ნაცვლად იყარა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით, ხმათა უმრავლესობაც მიიღო, ვაშინგტონში იმყოფებოდა და ვიზიტს ამერიკის სხვა ქალაქებში განაგრძობს. არჩევნების შემდეგ ციხანუსკაიას მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვება მოუხდა. ლიეტუვას თავშეფარებული 39 წლის ყოფილი დიასახლისი და მასწავლებელი ახლა ოპოზიციის ლიდერად მიიჩნევა და ვაშინგტონს ლუკაშენკოს რეჟიმზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

„გვსურს, რომ ბელარუსი ამერიკის დღის წესრიგში დარჩეს“, - ამბობს ის. სვიატლანა იხსენებს, რომ პოლიტიკაში მაშინაც კი არ ყოფილა ჩართული, როდესაც მისმა მეუღლემ, ვიდეო-ბლოგერმა სერგი ციხანუსკიმ ქვეყნის მასშტაბით სიარული დაიწყო, როცა ის ხალხს ეკითხებოდა, რისი შეცვლა სურდათ და ნელ-ნელა რეჟიმისთვის საფრთხედ იქცა. არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ დაპატიმრებული მეუღლის მხარდასაჭერად მიიღო. ციხანუსკი 2020 წლის მაისში დააპატიმრეს, 2 დღის შემდეგ მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება გამოაცხადა.

„ბელარუსს არ აქვს საზღვარი ერაყთან, ავღანეთსა თუ სირიასთან და ადამიანები ამ ქვეყნებიდან კვეთენ ბელარუს-ლიეტუვის საზღვარს.დარწმუნებულნი ვართ, რომ ბელარუსის მთავრობის კომპანიები, ტურისტული სააგენტოები, საავიაციო კომპანიები და საზღვრის დამცველებიც კი მიგრანტებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებიან,
" - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ერთი წლის წინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ ვიქნებოდი. როდესაც საარჩევნო კომისიაში საბუთები წარვადგინე, დარწმუნებული ვიყავი, რომ განაცხადს არ დააკმაყოფილებდნენ, (კანდიდატად არ დამარეგისტრირებდნენ) მაგრამ ვფიქრობ, მაშინ გადაწყვიტეს, ჩემთვის დაეცინათ: ენახათ, ვინ მისცემდა ხმას ქალს, დიასახლისს. მაგრამ მათ ბელარუს ხალხთან კავშირი დაკარგული ჰქონდათ. ძალიან მცირე ჰქონდათ წარმოდგენა და გაგება იმისა, რომ ხალხმა გაიღვიძა და დიქტატურის ქვეშ ცხოვრება აღარ სურდა. პოლიტიკურ სცენას უკვე ახალი ხალხი ფლობდა. ეს მომენტი გამოეპარათ, ხელიდან გაუშვეს“, - ამბობს ციხანუსკაია.

აგვისტოს შემდეგ მსოფლიომ მინსკის თუ სხვა ქალაქების ქუჩებიდან არაერთი შთამბეჭდავი კადრი იხილა: ასობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი, თეთრებში გამოწყობილი ქალების სოლიდარობის ჯაჭვები, დროშები, საპროტესტო ტალღა - პასუხად კი სამართალდამცავების სისატიკე, სპეცდანიშნულების რაზმები, ხელკეტები, დაკავება, წამება, გამოგონილი ბრალდებები, საპყრობილე... ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რასაც ვაშინგტონში ციხანუსკაიას უსვამენ, სწორედ საპროტესტო მუხტს ეხება: შეძლო თუ ვერა ლუკაშენკომ პროტესტის ჩახშობა? „შიშმა და ტერორმა შეცვალა პროტესტის სურათი, მაგრამ არა - ხალხის განწყობა“, - ამბობს ამერიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ციხანოუსკაია.

„ძალადობითა და შევიწროვებით, პროტესტმა ქუჩიდან მიწისქვეშეთში გადაინაცვლა. წამებითა და უგუნური რეპრესიებით ადამიანების შეხედულებების შეცვლა შეუძლებელია. ისინი განაგრძობენ ბრძოლას მიუხედავად იმისა, რომ ისე მასობრივად ქუჩებში გასვლა აღარ შეუძლიათ, როგორც ამას გაყალბებული არჩევნების შემდეგ აკეთებდნენ. ადამიანებს ესმით, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობის ან მისდამი თანაგრძნობის გამო ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააკავონ, ქუჩიდან მოიტაცონ... ისინი განსხვავებულ გზებს ირჩევენ, ზოგი გაზეთების შექმნაში მონაწილეობს, სხვადასხვა ინიციატივას, საგაფიცვო კომიტეტს უერთდება, ცდილობენ პატარა ნაბიჯები მაინც გადადგან და ეს მნიშვნელოვანია“, - ამბობს ციხანუსკაია და განმარტავს, რომ დასავლეთმაც გადაწყვეტილება ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობაზე დაყრდნობით არ უნდა მიიღოს:

„ხალხი შეშინებულია, მაგრამ ბრძოლას განაგრძობს. შეხვედრებზე კი ყველას სულ იმას ვთხოვ, რომ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ არა სურათებზე დაყრდნობით, არა იმის მიხედვით, როგორ გამოიყურება სიტუაცია, არამედ, ღირებულებებზე დაყრდნობით“.

ამერიკის ელჩი ბელარუსში ჯული ფიშერი ამბობს, რომ ახლა ბელარუსისთვის გარდამტეხი ეტაპი დგას: „ბელარუსის მომავლის შესახებ ორი საპირისპირო ხედვის წინაშე ვართ: ერთი, აიძულებს ბელარუს ხალხს კორუმპირებული და მხოლოდ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ მოქმედი, დროში გაყინული და დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული ლიდერის კაპრიზების ქვეშ ცხოვრებას. მეორე კი, გულისხმობს ბელარუსს, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს პატივს სცემენ, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით, და სადაც სახელმწიფო ემსახურება ხალხს და არა პირიქით“, - ამბობს დიპლომატი.

"მე არ ვთხოვ ამერიკას და მის მთავრობას, რომ მხარი მე დამიჭირონ. მე ვთხოვ, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ ღირებულებებს და ბრძოლას ამ ღირებულებებისთვის, რომელიც ახლა ბელარუსში ხდება,
- სვიატლანა ციხანუსკაია

ბელარუსის მმართველი რეჟიმი, ლუკაშენკო და მისი გარემოცვა, მათ მიერ კონტროლირებული ბიზნესები დასავლეთის უკვე არაერთი ქვეყნეს სანქციების სამიზნეა: ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგაც სვიატლანა ციხანუსკაია ამბობდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმზე წნეხის უმთავრესი გზა კვლავ სანქციებია, განსაკუთრებით კი სექტორული და პერსონალური სანქციები. ამასთან, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, პოლიტპატიმართა და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დახმარება, რადგან ისინი ყოველდღიურად ეკონომიკური და ზოგჯერ ფიზიკური გადარჩენისთვისაც კი იბრძვიან.

დასავლეთის რეაქცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც მინსკში დაშვება აიძულეს საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს, რომლის ბორტზე მყოფი ბლოგერის დაკავებაც რეჟიმს სურდა. დაკავებიდან მალევე, ბლოგერის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის მასობრივი არეულობის ორგანიზებაში წაყენებულ ბრალს აღიარებს. გაბრიელიუს ლენდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ევროკავშირის საზღვრებთან მიგრანტთა ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დაიწყო. თვითმფრინავთან დაკავშირებული კრიტიკის პასუხად, ლუკაშენკომ თქვა, რომ ამიერიდან ის ევროპისკენ მიმავალ მიგრანტთა ნაკადს, რომელსაც აქამდე აკონტროლებდა, აღარ შეაკავებდა.

„უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „რეინეაირის“ რეისი გაიტაცეს და მსოფლიოს ამაზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა. ჩვენ ამას „უპრეცედენტო“ მოვლენა ვუწოდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო უპრეცედენტო მოვლენების სერიისა, რომელიც ამას მოჰყვა“, - ამბობს ლენდსბერგისი.

მინისტრის თქმით, ლიეტუვამ ამ განცხადებიდან მალევე დაიწყო იმიგრანტების იმ მცირე ჯგუფების შემჩნევა, რომლებიც ბელარუსის მხრიდან ქვეყნის საზღვარს უკანონოდ კვეთდნენ: „ამ დროისთვის ლიეტუვას საზღვარი უკანონოდ უკვე ათას ცხრაასმა ადამიანმა გადმოკვეთა. ისინი დროებით კარვებში რჩებიან და დიახ, ჩვენ ახლა ჩვენ ლტოლვილთა უდიდესი კრიზისი ევროპაში. მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ახლა ლიეტუვას მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაკადი აწყდება“.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა მიგრაციასთან დაკავშირებული იმ პრობლემებისგან, რომლებიც ბოლო წლებში არაერთი სახელმწიფოს საზღვრებთან ვიხილეთ. ის ბელარუსის მმართველი რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სქემას ხსნის, რომლის მეშვეობითაც მიგრანტები ერაყიდან, ავღანეთიდან თუ სირიიდან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ბელარუსის გავლით ხვდებიან.

„ბელარუსს არ აქვს საზღვარი ერაყთან, ავღანეთსა თუ სირიასთან და ადამიანები ამ ქვეყნებიდან კვეთენ ბელარუს-ლიეტუვის საზღვარს. ჩვენ სავსებით დარწმუნებულნი ვართ, რომ ბელარუსის მთავრობის მფლობელობაში არსებული კომპანიები, ტურისტული სააგენტოები, საავიაციო კომპანიები და საზღვრის დამცველებიც კი მიგრანტებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებიან.“

სანამ ლუკაშენკო დასავლეთისთვის უფრო დიდი ტკივილი და პრობლემაა, ვიდრე რუსეთისთვის, პუტინი მისით კმაყოფილია. ამასთან, ლუკაშენკოს სხვა, თუნდაც პროკრემლისტური კანდიდატით ჩანაცვლებაც კი იქნება ნიშანი იმისა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ ცვლილება. ეს კი რუსეთისთვის ძალიან ცუდად ჟღერს,
- გაბრიელიუს ლენდსბერგისი

მინისტრი ამბობს, რომ გაშიფრულია იმიგრანტთა გადაყვანის მთელი სქემა, როდესაც ძირითადად, ერაყის ქალაქ ირბილიდანნ წამოყვანილ მიგრანტებს უზრუნველყოფენ ჯერ ბაღდადისკენ, მერე კი მინსკისკენ თვითმფრინავის ბილეთებით, შემდეგ სამთავრობო სასტუმროში ღამისთევით, ბოლოს კი საზღვრამდე ტრანსპორტით და საზღვრის უკანონო კვეთისა და ლიეტუველი მესაზღვრეების კითხვებზე პასუხისთვის საჭირო რჩევებითაც:

„ეს არის ბელარუსის მიერ ორგანიზებული უკანონო საიმიგრაციო მარშრუტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერაყში, ზოგჯერ კი სხვა ქვეყნებში იწყება და ლიეტუვაში მთავრდება. ჩვენ ამას არ ვუწოდებთ „მიგრანტთა კრიზისს“. ჩვენ ამას ვუწოდებთ ბელარუსის რეჟიმის ჰიბრიდულ თავდასხმას ლიეტუვის წინააღმდეგ. რადგან ლიეტუვამ, სხვა დასავლური სახელმწიფოების მსგავსად, სწრაფად დაგმო „რეინეარის“ თვითმფრინავის გატაცება".

ქვეყნის პირველი დიპლომატის აზრით, ეს რეჟიმის შურისძიებაა მეზობელზე, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულ არაერთ პოლიტიკოსსა თუ აქტივისტს უსაფრთხო თავშესაფრით უზრუნველყოფს. მაგრამ ლენდსბერგისი პროცესებში რუსულ კვალზე და ზოგადად, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზეც საუბრობს: „რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის დახმარების და ხშირად ბიზნეს-ქსელის მხარდაჭერის გარეშეც, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა. ასე რომ დიდწილად, ეს არის არა მხოლოდ ბელარუსის რეაგირება საქნციებზე და ბრძოლა დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ, არამედ რუსეთის მიერ ბელარუსის გამოყენებაც დასავლეთის წინააღმდეგ. ლიეტუვა კი მისი უმთავრესი სამიზნეა. ეს არ იყო მხოლოდ ლიეტუვის სანქციები, სვიატლანა ციხანოუსკაიაც მხოლოდ სტუმარია ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც ყველა სხვა ევროპულ დედაქალაქში, ევროპა ერთიანია ბელარუსში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი იბრძვის ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ“.

680 კილომეტრიანი საზღვრის დიდი ნაწილი ლიეტუველი მესაზღვრეების მიერ აქტიურად კონტროლდება, იმ ნაწილზე კი რომელსაც აქამდე ევროპული სახელმწიფო რისკის შემცველად არ მიიჩნევდა, ახლა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ფიზიკურ ბარიერს აშენებენ. თუმცა ლენდსბერგისი ამბობს, რომ ფიზიკური ბარიერის იმედად ყოფნას არ აპირებენ და ცდილობენ არაერთი სხვა ზომა მიიღონ, რათა მიგრანტთა ნაკადები შეაჩერონ და მომავალში უფრო დიდი კრიზისი და პრობლემები აიცილონ თავიდან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ჩვენ ეს ქსელი, რომელიც ერაყიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ხშირად მოსკოვიდანაც მიგრანტთა ნაკადის შემოდინებას უზრუნველყოფს, უნდა გავანადგუროთ. თუკი ის გამყარდა, შეიძლება მომავალში გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენ ამა თუ იმ ზომის შესახებ ინიციატივებს ვამზადებთ. არ შეიძლება, რომ ევროპა უძლური აღმოჩნდეს მაშინ, როდესაც ის ჰიბრიდული თავდსხმის პირისპირაა".

ციხანუსკაია რუსეთთან დაკავშირებით ფრთხილ განცხადებებს აკეთებს და ვლადიმირ პუტინს მხოლოდ მოძალადე რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ რუს ხალხთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია.

„პუტინმა ლუკაშენკოს მხარდაჭერა განაგრძო გაყალბებული არჩევნების შემდეგაც, იმ რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც ხალხს აწამებს. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს რუს ხალხთან და ლუკაშენკო არაა მთელი ბელარუსი. ის მხოლოდ ერთი ადამიანია. ვერ ვხედავთ რუსეთის მკაფიო სტრატეგიას ბელარუსთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთზე საერთოდ არ უნდა ვსაუბრობდეთ. ეს არ არის ბრძოლა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ესაა ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის, ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს. ბრძოლა იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეს უფლება, აირჩიოს ის, რაც უნდა. რუსეთი მომავალშიც ჩვენი მეზობელი იქნება და ჩვენ მათთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს. მაგრამ ჩვენი ქვეყანა ახლა კრიზისშია და თუ რუსეთს სურს, კონსტრუქციული როლის თამაში, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. სულ ესაა“, - განმარტავს ციხანუსკაია და ამბობს, რომ ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორც დასავლეთთან, ისე - რუსეთთან კეთილმეზობლური კავშირების დამყარებას ეცდება. "ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა. ჩვენ ვეძებთ მოკავშირეებს და არა - მტრებს და ვფიქრობ, ახალი პრეზიდენტი, რომელიც აუცილებლად კარგი მენეჯერი იქნება, შეძლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ეს შესაძლებელია", - ამბობს ის.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ლუკაშენკოს მიერ ძალაუფლების და „სახელმწიფო ტერორის“ მდგომარეობის შენარჩუნების ერთ-ერთ უმთავრეს ფინანსურ გარანტორად სწორედ რუსეთს მიიჩნევს, რადგან მის მიმართ ჯერაც ლოიალურად განწყობილი საჯარო მოხელეებისა თუ უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების ანაზღაურებას რეჟიმი ისევ და ისევ რუსეთისგან მიღებული თანხებით ახერხებს. მეორე მხრივ კი, დემოკრატიული გარდაქმნები სამეზობლოში კრემლის ინტერსებს სულაც არ შეესაბამება.

„ვფიქრობ ლუკაშენკო პუტინისთვისაც პრობლემაა. ბელარუსის სანქცირება კი რუსეთზე წნეხსაც ნიშნავს. ლუკაშენკო სულაც არაა ისეთი ეფექტური, როგორც ეს ვლადიმირ პუტინს სურს. პუტინს უნდა, რომ დასავლეთისთვის მტკივნეული წერტილი ჰქონდეს, ესაა მისი მთავარი მიზანი და სანამ ლუკაშენკო დასავლეთისთვის უფრო დიდი ტკივილი და პრობლემაა, ვიდრე რუსეთისთვის, ის მისით კმაყოფილია. ამასთან, ახლა ეს დიდი საფრთხეა პუტინისთვის. შეიძლება ლუკაშენკოს ჩანაცვლების იდეა ჰქონდა კიდეც, მაგრამ საარჩევნო წელს ეს რუსეთში ძალიან ცუდ სიგნალს გაგზავნის. ლუკაშენკოს სხვა, თუნდაც პროკრემლისტური კანდიდატით ჩანაცვლებაც კი იქნება ნიშანი იმისა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ ცვლილება. ეს კი რუსეთისთვის ძალიან ცუდად ჟღერს“, - განმარტავს ლიეტუვის პირველი დიპლომატი.

მინისტრი ამბობს, რომ უსაფრთხო, დემოკრატიული და პრო-ევროპული სამეზობლო აღმოსავლეთში და დემოკრატია ისეთ ქვეყნებში, როგორებიც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია, უკიდურესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დასავლეთი ამ სახელმწიფოებში დემოკრატიული მისწრაფებებისადმი სოლიდარული უნდა იყოს: „მე ძალიან ღრმად მწამს, რომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, რადგან სოლიდარობა არის ის, რაც ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტად გვჭირდება, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი დემოკრატია.“

ორგანიზაცია „ჩატამ ჰაუზმა“ 2021 წლის აპრილში ბელარუსის 1000-მდე მოქალაქე გამოკითხა. ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რეპრეზენტატული გამოკითხვის თანახმად, ნახევარზე მეტი სახელმწიფო უწყებებს არ ენდობა. მედია, შრომითი პროფესიული კავშირები და უფლებადამცველი ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებზე მეტი ნდობით სარგებლობენ. უცხო ქვეყნების მიმართ დადებითი დამოკიდებულებით რუსეთი პირველია. გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ბელარუსი მეზობლის მიმართ „ძალიან დადებითადაა“ განწყობილი, 79 % კი „ზოგადად პოზიტიურად“ არის განწყობილი. თუმცა მიუხედავად ამ განწყობისა, მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ რუსეთი ნეიტრალური უნდა დარჩეს და ბელარუსის პოლიტიკურ კრიზისში არ ჩაერიოს. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ თუკი ოპოზიციური მოძრაობა მოვა ხელისუფლებაში, მათი საგარეო პოლიტიკა იქნება მეგობრობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, როგორც დასავლეთთან, ისე - რუსეთთან. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ასეც უნდა იყოს. 42 % მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკა ევროკავშირისკენ გადაიხრება, მაგრამ მხოლოდ 25 % ფიქრობს, რომ ეს „ასე უნდა მოხდეს“.

მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ლუკაშენკო ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ბარიერია. ისინი მიიჩნევენ, რომ ლიდერს არ ადარდებს დამოუკიდებლობა, და მისთვის საფრთხეც კი. ბელარუსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს.

მოქალაქეთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ლუკაშენკომ პოსტი 2021 წლის ბოლომდე ან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. თუკი ლუკაშენკო არ წავა, მოსახლეობა ელის, რომ უმუშევრობა და ემიგრაცია გაიზრდება. ცხოვრების ყველა სფეროში რეპრესიები გაგრძელდება, ვალუტის გაუფასურება და რუსეთზე დამოკიდებულება კი გაძლიერდება.

„მე არ ვთხოვ [დასავლეთს, ამერიკას], რომ მხარი მე დამიჭირონ, მე ვთხოვ, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ ღირებულებებს და იმ ბრძოლას ამ ღირებულებებისთვის, რომელიც ახლა ბელარუსში ხდება,“ - ამბობს სვიატლანა ციხანუსკაია.

XS
SM
MD
LG